ბოლივიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ბოლივიაში საყოველთაო არჩევნები მიმდინარეობს. პრეზიდენტის გარდა ბოლივიელები ვიცე-პრეზიდენტს, 36 სენატორს და 130 დეპუტატს ირჩევენ,- ამის შესახებ ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.

ექსპერტების აზრით, პრეზიდენტის თანამდებობისთვის მთავარი ბრძოლა ქვეყნის მოქმედ ლიდერ ევო მორალესსა და ექსპრეზიდენტ კარლოს მესას (2003-2005) შორის გაიმართება. ევო მორალესის გამარჯვების შემთხვევაში ეს მისი ზედიზედ მეოთხე საპრეზიდენტო ვადა იქნება.

როგორც “ბიბისი” წერს, პირველ ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი უნდა დააგროვოს. გამარჯვებისთვის ხმების 40%-ის მიღებაც საკმარისია, მაგრამ ამ შემთხვევაში უახლოეს მდევარს კანდიდატი სულ მცირე 10%-ით უნდა უსწრებდეს. სოციოლოგების მტკიცებით, მორალესი არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

მორალესსა და მესას გარდა პრეზიდენტობისთვის სენატორი ოსკარ ორტისი, ევანგელისტი პასტორი ჩი იუნ ჩუნგი, დეპარტამენტ ლა-პასის გუბერნატორი ფელიქს პატსი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ვიქტორ უგო კარდენასი, სოციალ-დემოკრატი ვირხინიო ლემა, პოპულისტი ისრაელ როდრიგესი, სამოქალაქო აქტივისტი და ერთადერთი ქალი-კანდიდატი რუთ ნინა იბრძვიან.

ხმის მიცემის უფლება სულ 7 315 364 ადამიანს აქვს, მათგან 341 000 ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები