სურამის ციხის ტერიტორიის არქეოლოგიური კვლევა-ძიებისა და გაწმენდის პროცესი დაიწყო

სურამის ციხის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევა-ძიებისა და გაწმენდის პროცესი დაიწყო.
წინასარეაბილიტაციო პროცესი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა – ნიკოლოზ ანთიძემ შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულთან – გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად მოინახულა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები მიზნად საანგარიშო ინფორმაციის მიღებას ითვალისწინებს რომლის საფუძველზე მომდევნო წლისთვის კულტურული მეკვიდრეობის ძეგლის კომპლექსური რეაბილიტაციის პროექტი მომზადდება. სამუშაოებში, რომელსაც „არქეოლოგიის განვითარების ფონდი“ ახორციელებს, თბილისის ი. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის სტუდენტებიც არიან ჩართულნი.
წინასარეაბილიტაციო ეტაპზე გაწმენდისა და არქეოლოგიური კვლევის პროცესი ციხის შიდა ტერიტორიის 1000 კვ/მ ფართობზე მიწის 50 სმ-იანი ფენის (ჰუმუსის) მოხსნას ითვალისწინებს.
პრეპარაციის საფუძველზე მოხდება კომპლექსის სამხრეთ გალავანთან არსებული სათავსოს არქეოლოგიური შესწავლა. გაიწმინდება ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სასახლე და ციხის ჩრდილოეთი მდებარე კოშკი. გამოვლენილი ობიექტების (უძრავი და მოძრავი) შესახებ ინფორმაცია აიტვირთება სააგენტოს “კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა მართვის გეოსაინფორმაციო სისტემაში”, რაც ახლად გამოვლენილი ობიექტების ინფორმაციის, შესწავლილი ტერიტორიის ისტორიულ-ბიბლიოგრაფიული და საარქივო კვლევის მასალების, ტერიტორიაზე მოპოვებული პირველადი ინფორმაციის საარქივო მონაცემებთან მიმართების ანალიზის, არქოლოგიური ობიექტების რუკაზე განთავსების სქემას, ანოტაციების თანხლებით ფოტო საილუსტრაციო მასალისა და გრაფიკული მონაცემების სისტემაში ინტეგრირებას მოიცავს.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არქეოლოგიური კვლევა-ძიების სამუშაოების ღირებულება 30000 ლარია. სურამის ციხეზე გამწნდითი სამუშაოები თვის ბოლომდე გაგრძელდება.
სურამის ციხე მდებარეობს დაბა სურამის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე სურამულის მარცხენა ნაპირზე, კლდოვან გორაკზე. ციხე მნიშვნელოვანია როგორც ისტორიული და მონუმენტური ხელოვნების ნიმუში. ციხესიმაგრე სხვადასხვა ნაგებობათა კომპლექსია. მასში შედის: გალავანი, ციხე, წმინდა გიორგის ეკლესია და სასახლე. ციხის ფართობია 1200 მ². იგი შედგება ორი ნაწილისაგან: შიდა ციხისა (ციტადელი) და ქვედა ეზოსაგან.
XVI-XVIII საუკუნეების განმავლობაში სურამის ციხე ოსმალეთისა და სპარსეთის ინტერესების სფეროს წარმოადგენდა. საფორტიფიკაციო ნაგებობა ქართველთა მფლობელობაში 1783 წლამდე იყო. XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში სურამის ციხე ზემო ქართლში ლეკიანობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორპოსტს წარმოადგენდა. 1829 წელს, რუსეთის იმპერიის მიერ ახალცხის მხარის შემოერთების შემდეგ, სურამის ციხემ თანდათან დაკარგა თავისი მნიშვნელობა.
ციხის წმინდა გიორგის ეკლესია აგებული იყო XI-XII საუკუნეებში. 1991 წლის აპრილის მიწისძვრამ ის მნიშვნელოვნად დააზიანა. ჩამოიქცა მისი გადახურვა და განადგურდა შემორჩენილი მხატვრობის ფრაგმენტები. ციხის სასახლე ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია მხოლოდ მისი ორი სართულის ნანგრევები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები