5- დღიანი „თბილისური აისი“ 9 ქვეყნის ნორჩი კინომოყვარულების 80-მდე მოკლემეტრაჟიან ფილმს უმასპინძლებს

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თეატრალურდარბაზი ნორჩ კინომოყვარულთა XIII საერთაშორისო ფესტივალ „თბილისურ აისს“ მასპინძლობს.
ფესტივალში 9
ქვეყნის ნორჩი კინომოყვარულები მონაწილეობენ. ესენია: ბელგია, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, გერმანია, იაპონია, ირანი, რუსეთი, სომხეთი და უკრაინა.
ხუთი საფესტივალო დღის განმავლობაში  ნაჩვენები იქნება კინომოყვარულთა მიერ შექმნილი 80-მდე მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელთაც სპეციალური ჟიური შეაფასებს.
8-
დან 20 წლამდე მოზარდების მიერ გადაღებული ფილმები ფესტივალის ფართომასშტაბიანდა საინტერესო პროგრამის ობიექტივშია.
„კვირა“ ესაუბრა „პიონერფილმის“ ხელმძღვანელს და ფესტივალის დამაარსებელს, გრიგოლ ჩიგოგიძეს.

– კინომოყვარულთა ფესტივალი „თბილისური აისი“ პირველად ჩატარდა 1979 წელს და არსებობის 40 წელს ითვლის. როცა ფესტივალის გამართვის იდეა დამებადა, შევუთანხმდი სასახლის მაშინდელ დირექტორს, ზურაბ ლომიძეს და დავიწყეთ ფესტივალზე ფიქრი. 1979 წელს ჩავატარეთ კიდეც და დაემთხვა პირველ თბილისობას. ასე რომ,  „პიონერფილმი“, ეს ფესტივალი და თბილისობა ერთად დაიბადა.
პირველ ფესტივალში ყველა საბჭოთა რესპუბლიკა და უცხოელები – არგენტინა, ფინეთი, გერმანია, რუმინეთი, უნგრეთი…  მონაწილეობდნენ. მას მერე მოდის ეს ფესტივალი… თავიდან მისი ჩატარება ორ წელიწადში ერთხელ  იყო ჩაფიქრებული, მაგრამ საქართველოში შექმნილი სიტუაციის გამო შეჩერდა. ბოლოს ფესტივალი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ახალი დირექტორის თიკა რუხაძის დიდი ხელშეწყობით,  2017 წელს ჩატარდა.
ახლაც, 2019 წელს, უკვე გაიხსნა ჩვენი ფესტივალი, რომლის  მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია და საკრებულო, კინოკავშირი, ტელეკომპანია „იმედი“, ასევე ბათუმის სასტუმროების ქსელიდან ჩვენი დიდი მეგობარია თემურ ზოიძე. პრიზები დააწესეს – ამერიკელმა ჟურნალისტმა ნანა ღონღაძემ, ამერიკელმა მსახიობმა მერი პიკფორდმა და ასე მოდის და მოდის…
ფესტივალი იმითაც არის საინტერესო, რომ ახალი ქვეყნები იაპონია და ირანი შემოგვიერთდნენ, ხოლო მონაწილეები არიან ჩვენი მეგობრები მეზობელი ქვეყნებიდან – აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან.
არ შემიძლია არ ვთქვა, რომ რუსეთს, ცნობილი პოლიტიკური მოვლენების გამო, გაუჭირდა ჩამოსვლა, ჯერ ვლადიკავკაზში ჩავიდნენ და იქიდან  ტაქსებით წამოვიდნენ… მე ვუთხარი, ახია, თქვენი ბრალია-მეთქი.
რაც შეეხება სტუმრებს, წლევანდელ ფესტივალზე ძალიან გვინდოდა ბრედ პიტის მოწვევა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ჩამოდის.
– პრიზები ახსენეთ… საინტერესოა, რა სახის ნომინაციებია დაწესებული ფესტივალზე?
– პრიზები მრავალფეროვანი იქნება – გამოვყოფდი ტელეკომპანია „იმედის“ მიერ დაწესებულ კამერას, ფონდ „იავნანას“ პრიზს- 500 ლარი… ძალიან მეხმარებიან ყოფილი „პიონერფილმელები“, როგორებიც არიან – ავტომუზეუმის ჩამომყალიბებელი გიორგი მამულაშვილი, კოტე ბარამიშვილი, სერგო ბუიღლიშვილი, ბანერების მომზადებაში მომეხმარნენ გია ჩაჩუა და დეა ცუცქირიძე.
ფესტივალს მრავალი ნომინაცია ექნება, მათგან გამოვყოფ საუკეთესო მსახიობის, რეჟისორის, კინოსცენარისტის… ნომინაციებს.
– როგორ არიან წარმოდგენილი ფესტივალზე ნორჩი ქართველები კინომოყვარულები?
– ფესტივალში პირველად მონაწილეობენ ჩვენი ხარაგაულელი მეგობრები, სადაც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სტუდია, ასევე – ხონელი, ქუთაისელი, თერჯოლელი, აბაშელი კინომოყვარულები, თელავიდან ძალიან კარგი მულტფილმებია წარმოდგენილი, რასაკვირველია, უნდა აღინიშნოს „პიონერფილმისა“ და თბილისის ევროპული სკოლის ნორჩი კინომოყვარულები. „პიონერფილმა“ ფესტივალზე ოთხი ფილმი წარადგინა.
ასე რომ, საქართველო ძალიან აქტიურად მონაწილეობს ჩვენს ფესტივალში, მადლობა მათ ყველას.
– „თბილისური აისი“ 20 ოქტომბერს დაიხურება…
– დახურვაზე ერთმანეთს ვეტყვით სამადლობელ სიტყვებს, გადავცემთ პრიზებს, მივულოცავთ ერთმანეთს წარმატებებს და დავემშვიდობებით მომავალ სეხვედრამდე.
ბოლოს, ბანკეტი გვექნება მცხეთაში, რესტორან „მეტროპოლში“. მინდა, რომ სტუმრები საქართველოდან წავიდნენ მხიარულები და  ჩვენი სამზარეულოს გემრიელი გემო თან გაიყოლონ.
– ფესტივალი „თბილისური აისი“ იმედია, ნაყოფიერი იქნება მომავალი კინოხელოვანებისთვის…
– ფესტივალი ნაყოფიერი იქნება მარტო იმითაც, რომ ჩვენი ბავშვები ერთმანეთს გაიცნობენ და იმეგობრებენ… გუშინ მათ ოჯახებში მიიწვიეს სტუმრები.
ამის გარდა, თავად ფესტივალის განმავლობაში, მრავალი საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი. მათ შორის გამოვყოფდი  გერმანელების მასტერკლასს. ისინი თავიანთ ფილმებს გვიჩვენებენ. ასევე, ვფიქრობ, განსაკუთრებული ქიენბა ზალიკო სულაკაურის სტუმრობა, რომელიც ბავშვებს მასტერკლასს ჰპირდება.
ხუმრობაა, მაგრამ იაპონელმა სტუმრებმა უნდა ასწავლონ ჩვენს ბავშვებს ჩხირებით ჭამა…
თოჯინების თეატრში დაიდგმება „წითელქუდა“, სადაც მგელი იქნება გერმანელი, წითელქუდა უკრაინელი, ქართველი ბავშვები ტყისმჭრელების როლს წარმოადგენენ… ყველა ეროვნების ბავშვები თავიანთ ენაზე ისაუბრებენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ  წინა ფესტივალის მონაწილეები უკვე კარგი რეჟისორები არიან და სხვადასხვა ფესტივალზე პრიზებიც მოიპოვეს. თუნდაც, როგორი სასიხარულოა, რომ გუშინ სამხრეთ ამერიკის კინოფესტივალზე გიორგი თავართქილაძემ მთავარი პრიზი მოიპოვა, რომელიც 2005 წელს ჩვენი ფესტივალის მონაწილე იყო.
ასე რომ, ეს ფესტივალი მომავალ კინომოღვაწეებსაც ზრდის.
– დაბოლოს, ვინ არიან ჟიურის წევრები და ფესტივალის მოამაგეებიდან ვის გამოარჩევდით?

ელენე აფაქიძე

– ბავშვებიდან მინდა გამოვარჩიო ელენე აფაქიძე, საოცარი ბავშვია, ასევე – მაშო გიგილაშვილი, ლიზა ჩხუბიანიშვილი. „პიონერფილმელ“ ეთერ ფარჩუკიძეს მთელი ამ ხნის განმავლობაში მიწერ-მოწერა ჰქონდა ფესტივალის მონაწილეებთან და მისი დამსახურებაა, თუ ახლა რამე კეთდება.
ფესტივალი გამორჩეული კიდევ იმითაა, რომ ყველაფერს ბავშვები  აკეთებენ, ეგენი აკეთებენ პროექციას, ეგენი არიან ხმის რეჟისორებიც. ასე რომ, თუ რამე ცუდია, მაგათ ვაბრალებ, თუ რამ კარგია – ჩემ თავს…
ფესტივალი არ იქნებოდა, რომ არ იყვნენ ჩვენი ქალბატონები, ვინც მეხმარებიან – სვეტლანა მარჯანიშვილი, რომელთანაც ერთად პირველი ფესტივალი ჩავატარე, მაია ლანდია, ნინო ჩიგოგიძე, ნინო ჩიქოვანი და ვახტანგ ჯოჯუა.
ჟიურის წევრები არიან: რუსუდან ჭყონია (ხელმძღვანელი), ნიკა ხომასურიძე,  დავით ბუხრიკიძე, ბელგიელი და ბულგარელი სტუმრები.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები