დედოფლის გორაზე მრავალფეროვანი არქეოლოგიური ექსპონატები აღმოაჩინეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღლაურთან, დედოფლის მინდვრის სამხრეთ ნაწილში, დედოფლის გორის მრავალფენიან ნამოსახლარზე, საქართველოს ეროვნული მუზუემის არქეოლოგიური ექსპედიცია გრძელდება, რომელსაც დავით გაგოშიძე ხელმძღვანელობს.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, არქეოლოგიურ ობიექტზე, რომლის კულტურული დანაშრევების სიმაღლე 14 მეტრს აღემატება, 2019 წლის საველე კამპანიის განმავლობაში გაიწმინდა გასულ წელს აღმოჩენილი N26 ოთახის დასავლეთით მდებარე კორიდორი, ახალი N27 ოთახი კარიდორით და მის სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით არსებული სივრცე, რომლის იატაკი მოლესილია თიხით.
მიმდინარე წლის სამეცნიერო კვლევის ეტაპზე მრავალფეროვანი აღმოჩნდა არქეოლოგიური მონაპოვარი. გამოვლინდა დიდი რაოდენობით კერამიკული ჭურჭელი, რომელთაგანაც გამოსარჩევია: ორყურა დერგი, ჯამები და ჭრაქები. აღმოჩენილია ბრინჯაოს პატერის ტარი, რომლის ბოლო წარმოადგეს ვერძის თავის გამოსახულებას. N27 ოთახის სამხრეთით ნაპოვნია თიხის ბულები და გახვრეტილ-დამუშავებული კერამიკის ფრაგმენტები.
ეროვნული მუზუემის არქეოლოგიური ექსპედიცია დედოფლის გორაზე 1985 წლიდან მუშაობს. 2016 წლიდან არქეოლოგიურ გათხრებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აფინანსებს.
დედოფლის გორაზე უძველესი დასახლება ხალკოლითის პერიოდში, დაახლოებით ექვსი ათასი წლის წინ გაჩნდა. ძვ.წ. II საუკუნის ბოლოს ადგილზე აშენდა სასახლე, რომელიც დროდადრო სამეფო რეზიდენციის ფუნქციას იძენდა ხოლმე. სასახლე მოიცავდა დედოფლის გორის მთელ თხემს, რომლის ფართობია 4000 კვ.მ. აღწევდა.
ჩვ.წ. I საუკუნის ბოლო მეოთხედში სასახლე და ტაძარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად განადგურდა. მიწისძვრას ხანძარი მოჰყვა, რის შედეგადაც დედოფლის გორის სასახლის ზედა სართულების დამწვარმა ნანგრევებმა საიმედოდ დაფლა პირველი სართულის ოთახები.
არქეოლოგიური გათხრებით მოპოვებული მასალა გასაოცრად მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია და მოიცავს ყოფაცხოვრების ყველა სფეროს: საბრძოლო და სამეურნეო იარაღ-საჭურველი, სხვადასხვა დანიშნულების კერამიკული, ლითონის და მინის ჭურჭელი, სამკაული, საბეჭდავები, მონეტები, ავეჯი, ქსოვლები, სულ თხუთმეტიათასამდე ექსპონატი, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზუემის დედოფლის მინდვრის ფონდში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები