ოთარ დანელია: არსებული ჯგუფის მიერ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების შესაძლებლობას ვერ ვხედავ

არსებული ჯგუფის მიერ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების შესაძლებლობას ვერ ვხედავ,– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ოთარ დანელიამ ჟურნალისტებთან, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

“ძალიან გულწრფელად გეტყვით, ჩემთვის პირადად ანაკლიის პორტი ძალიან სუბიექტურია, რადგან როგორც სამეგრელოს ერთ-ერთი დეპუტატი, დიდი იმედით ვუყურებთ ამ პროექტს და ვფიქრობთ, რომ ეს საუკუნის პროექტია. არავის აქვს გაურკვევლობის შექმნის უფლება ამ თემასთან დაკავშირებით. თუ ხელშეკრულება შესაწყვეტია, უნდა შეწყდეს. თუ ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას ინვესტორი, რომელიც ამ პროექტს დღეისთვის წარმოადგენს, პირიქით, ტყუილად დრო არ უნდა დავხარჯოთ თუ ვხედავთ, რომ რეალურად ვერ ხდება კონკრეტული სუბიექტების მიერ პროექტის განხორციელება. ეს პროექტი არავის საკუთრებაში არ არის. ეს ჩვენი ქვეყნის საკუთრებაა და მილიონობით ქართველი ელოდება. ვფიქრობ, დაჩქარებულად, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა დანელიამ.

მისივე თქმით, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” თემის განხილვა აუცილებლად მოხდება.

“გულწრფელად გითხრათ, არსებული ჯგუფის მიერ მისი განხორციელების შესაძლებლობას ვერ ვხედავ, თუ დღეს რამე განსაკუთრებული პირობა არ აქვთ წარმოდგენილი. ვინაიდან დღეს ვადა ეწურებათ და მათ ძალიან ბევრი გადავადება ჰქონდათ, კითხვები ამ გადავადებებთან დაკავშირებითაც გვაქვს. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესს და ამ თემასთან დაკავშირებით განხილვა აუცილებლად გვექნება“, – განმარტა დანელიამ.

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა დღეს ამოიწურა.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, 2019 წლის 15 ოქტომბერს კონსორციუმის მხრიდან შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მხარეთა შორის ანაკლიის პორტის მშენებლობაზე 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება მოშალოს.

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის, ლევან ახვლედიანის განცხადებით კი კონსორციუმს დღეს მთავრობისთვის არანაირი დოკუმენტის არ წარუდგენია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები