მაია ცქიტიშვილი: იმედი ვიქონიოთ, იქნებ, დღის ბოლომდე “ანაკლიის კონსორციუმი” ასრულებს ხელშეკრულებით დადგენილ ვალდებულებებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” სამუშაო დღის ბოლომდე აქვს ვადა შეასრულოს ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულებები. მისივე განცხადებით, ჯერჯერობით არ ჩანს კონსორციუმის მიერ 120 მლნ დოლარის საკუთარი კაპიტალის შევსების პირობების შესაძლებლობაც.
„როგორც უკვე მოგახსენეთ, დღეს უნდა მივიღოთ ინფორმაცია. მანამდე ჩვენ მივიღეთ კონსორციუმისგან მომართვა მხოლოდ ამ ინვესტორების დასტურის თაობაზე, ანუ რამდენად იყვნენ თუ არ იყვნენ ეს ინვესტორების მისაღები სახელმწიფოსთვის. ვალდებულება, რაც დღეს აქვს შესასრულებელი, გულისხმობს კონსორციუმსა და ინვესტორებს შორის ხელმოწერილ სავალდებულო შეთანხმებას პროექტში ინვესტიციების ჩადების შესახებ, რაც დღეს ჯერ არ მიგვიღია. თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამუშაო დღის ბოლომდე არის ვადა და დაველოდოთ, ჩვენი მხრიდან ინფორმაცია გავრცელდება ხვალ.
დამატებითი ვადები ვალდებულებების შესასრულებლად მოთხოვნილი არ არის. რაც შეეხება ფორსმაჟორს ან ნებისმიერი სხვა შეტყობინების შინაარსს, როგორც მოგახსენეთ, სამწუხაროდ კონფიდენციალურობის მუხლის მოთხოვნით, ამ ინფორმაციას ვერც უარვყოფ და ვერც ვადასტურებ. კიდევ ერთხელ მივმართავ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, გაასაჯაროოს წერილი, რომლითაც მათ მოგვმართეს 10 ოქტომბერს და, რომლის არსებობის თაობაზეც განაცხადეს. მივმართავთ მათ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობის პარალელურად, სამწუხაროდ, არ დატოვონ ღია კითხვები და მისცენ საშუალება საზოგადოებას, თავად განსაჯოს ყოველგვარი ინტერპრეტაციების გარეშე.
ველოდებით დღეს დღის ბოლომდე ვალდებულებების შესრულებას. მოდით, იმედი ვიქონიოთ, იქნებ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ასრულებს ხელშეკრულებით დადგენილ ვალდებულებებს. თუ ვერ შეასრულებს, ამასთან დაკავშირებით ხვალ კვლავ შევიკრიბოთ და ვისაუბროთ“, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
ცნობისათვის, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” დღეს ეწურება შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა. მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე შუალედური ვალდებულებები განმარტა და განაცხადა, 2019 წლის 15 ოქტომბერს კონსორციუმის მხრიდან შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, მოშალოს მხარეთა შორის ანაკლიის პორტის მშენებლობაზე 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება.
ამასთან, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ კონსორციუმს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით მთავრობისთვის კონკრეტული წინადადება წარდგენილი აქვს და პასუხს ელოდება. მაია ცქიტიშვილმა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” მიმართა, თავად გაასაჯაროოს სამინისტროსთვის გაგზავნილი წერილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები