მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან ოფიციალურად მხოლოდ ორი ინვესტორია წარმოდგენილი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ამ დროისთვის ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან ოფიციალურად მხოლოდ ორი ინვესტორია წარმოდგენილი. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მთავრობასთან ყველა ინვესტორი უნდა იყოს შეთანხმებული, რისთვისაც დადგენილია შესაბამისი ვადა, რათა შეისწავლონ მათი ვინაობა.

„ამ ეტაპზე, კონსორციუმის მხრიდან ოფიციალურად არის წარმოდგენილი მხოლოდ ორი ინვესტორი, რომელზეც ადრეც გვქონდა საუბარი, ერთი არის „მერიდიან კაპიტალ ლიმიტედი“ და მეორე ჰოლანდიური კომპანია „ვან-ორდი”, რომელიც ასევე არის წარმოდგენილი კონსორციუმის მხრიდან, როგორც შესაძლო ინვესტორი. სხვა დოკუმენტაცია ან სხვა ინვესტორი დღეისთვის ოფიციალური სახით წარმოდგენილი არ არის, მიუხედავად იმისა, ჩვენთვის არის ცნობილი, რომ კონსორციუმი აწარმოებს მოლაპარაკებებს კიდევ სხვადასხვა საინვესტიციო ფონდთან.

რაც შეეხება ინვესტორებს, ხელშეკრულების შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა განიხილოს ისინი. ჩვენ გვყავდა კონსორციუმის შემადგენლობაში მანამდე „კონტი ჯგუფი“, როგორც მნიშვნელოვანი წილის მქონე ინვესტორი და შესაბამისად, „კონტი ჯგუფის” ჩანაცვლებაზეც მიმდინარეობს საუბარი.

კონტი ჯგუფის“ შეცვლის გარდა, როგორც მოგახსენეთ, 120 მლნ დოლარის ოდენობის საკუთარი კაპიტალის შევსება შეიძლება, სხვა ინვესტორების შემოყვანითაც ხდებოდეს. ამდენად, ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ ყველა ინვესტორი უნდა იყოს შეთანხმებული საქართველოს მთავრობასთან, რისთვისაც ჩვენ გვაქვს ხელშეკრულებით დადგენილი ვადა, რათა შევისწავლით ინვესტორების ვინაობა, მათი რეპუტაცია, ფინანსური მდგომარეობა და მათ შორის, შევისწავლოთ ისიც, “კონტი ჯგუფის” ჩანაცვლების შემთხვევაში, თავისი გამოცდილებითა და ფინანსური მდგომარეობით რამდენად შეესაბამება ის მოთხოვნებს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ხელშეკრულებით დადგენილი ვადა, „ვან-ორდის” შემთხვევაში 21 ოქტომბერს იწურება, „მერიდიან კაპიტალის“ შემთხვევაში კი – 29 ოქტომბერს.

ამასთან, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დღეს ეწურება შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა. როგორც მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, 2019 წლის 15 ოქტომბერს კონსორციუმის მხრიდან შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, მოშალოს მხარეთა შორის ანაკლიის პორტის მშენებლობაზე 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები