მაია ცქიტიშვილი: კონსორციუმის მხრიდან შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, საინვესტიციო ხელშეკრულება ჩაშალოს

​კონსორციუმის მხრიდან შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, საინვესტიციო ხელშეკრულება მოშალოს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, “რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის” მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს, როგორც თქვენთვის ცნობილია, საინვესტიციო ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, 2019 წლის ბოლომდე ანაკლიის განვითარების კონსორციუმს მიეცა ვადა, მოიპოვოს პორტის პირველი ფაზის მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსება, როგორც საკუთარი კაპიტალის მოზიდვის ნაწილში, ასევე წლის ბოლომდე კონსორციუმმა უნდა წარმოადგინოს, გააკეთოს 400 მლნ დოლარზე გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებები. ამავე ცვლილებით განისაზღვრა შუალედური ვადები, კერძოდ, 15 ოქტომბერს კონსორციუმმა უნდა შეასრულოს ორი ვალდებულება – უნდა წარმოადგინოს პოტენციურ ინვესტორებთან 120 მლნ ოდენობით კაპიტალის მოზიდვაზე ხელმოწერილი სავალდებულო ხელშეკრულებები, რომელთა ძალაში შესვლა დამოკიდებულია ბანკებიდან 400 მლნ აშშ დოლარის ოდენობით სესხების მოზიდვაზე. მეორე ვალდებულებაა, წარადგინოს საერთაშორისო ბანკებთან ხელმოწერილი წინასწარი შეთანხმებები 400 მლნ დოლარის ოდენობით სესხების მოზიდვაზე იმ პირობებით, რომელიც იქნება მისაღები მთავრობის ნაწილში საქართველოს მთავრობისთვის. ამდენად, მხარეთა შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად, 2019 წლის 15 ოქტომბერს კონსორციუმის მხრიდან შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, მოშალოს საინვესტიციო ხელშეკრულება. ვინაიდან, კონსორციუმის მხრიდან დოკუმენტაციის წარდგენის ვადა იწურება 15 ოქტომბერს, ჩვენ ვალდებული ვართ, დაველოდოთ დღის ბოლომდე და მხოლოდ 2019 წლის 16 ოქტომბერს გაცნობოთ ამ ვალდებულებების შესრულების ვადების თაობაზე“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ მთავრობისთვის სავალდებულო დოკუმენტის წარდგენის ვადა, რომელიც ინვესტორის მიერ კაპიტალის სრულად შევსებას დაადასტურებს დღეს ეწურება. კონსორციუმმა წინასწარი, არასავალდებულო დოკუმენტიც უნდა წარადგინოს, რომელიც ბანკების მხრიდან სასესხო დაფინანსების მოპოვებას ეხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები