ლევან ვეფხვაძე: ჩვენ მხარს ვუჭერთ ასოცირების შეთანხმებას, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ქვეყნის განვითარების დონე

0

დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთობა უნდა იყოს დაბალანსებული და არ უნდა დაირღვეს ეს ბალანსი“,- ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტი, რომელიც შემოთავაზებულია, არ ითვალისწინებს ქვეყნის სპეციფიკას და ლავირების საშუალებას არ იძლევა.

“ჩვენთვის ამოსავალია რამდენიმე პრინციპი. პირველი პრინციპი არის ის, რომ დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთობა უნდა იყოს დაბალანსებული და არ უნდა დაირღვეს ბალანსი. შესაბამისად, ბალანსის დარღვევისას შეიძლება მივიღოთ მოცემულობა, როდესაც ბიზნესს აქვს პრობლემა და ბიზნესის პრობლემა გარდაისახება ეკონომიკის შეფერხებაში, სამუშაო ადგილების დაკარგვაში და ა.შ. მეორე – ბალანსი, რომელიც უკვე აღვნიშნეთ, უნდა ეფუძნებოდეს გარკვეულ საერთაშორისო გამოცდილებას. ამ შემთხვევაში, ჩვენ მხარს ვუჭერთ სრულად ჩვენს ინტეგრაციას და ჰარმონიზაციას ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ამასთანავე, აქ გასათვალისწინებელია ევროკავშირის დირექტივა, რომელთანაც მიერთების ვალდებულება ითვალისწინებს გარკვეულ გამონაკლისებსა და დათქმებს. საქმე ისაა, რომ ქვეყნები თავისი ეკონომიკური დონის ან სპეციფიკიდან გამომდინარე ითვალისწინებენ იმ შესაძლებლობებს, რაც არსებობს. სწორედ ამის მიხედვით ითხოვენ ისინი ამ გამონაკლისებსა და დათქმებს“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ მთავარია, განისაზღვროს, სად ვართ, როგორ უნდა განვვითარდეთ და ამის მიხედვით მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ ასოცირების შეთანხმებას, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ქვეყნის დონე, განვითარების დონე, სპეციფიკა, რომელიც ქვეყანას აქვს და ამის შემდეგ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, მათ შორის, შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბიზნესასოციაცია, როგორც საქართველოში ყველაზე მსხვილი ბიზნესგაერთიანება, “შრომის კოდექსის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმიანება და მიიჩნევს, რომ შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებისას აუცილებელია ბალანსის დაცვა დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებებს შორის. ასევე, უაღრესად მნიშვნელოვანია, გათვალისწინებულ იქნას ქვეყანაში არსებული რეალობა, კერძოდ კი, ეკონომიკის განვითარების დონე.

კომენტარები

კომენტარი