BAG შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე განცხადებას ავრცელებს – რას ითხოვს ბიზნესი

0

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ: “საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, როგორც საქართველოში ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანება, კიდევ ერთხელ ეხმიანება “შრომის კოდექსის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებს და მიიჩნევს, რომ შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებისას აუცილებელია ბალანსის დაცვა დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებებს შორის. ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია, გათვალისწინებულ იქნას ქვეყანაში არსებული რეალობა, კერძოდ კი ეკონომიკის განვითარების დონე.

ამასთან, ქართული ბიზნესი კარგად აცნობიერებს როგორც ევროკავშირთან დაახლოების პროცესის მნიშვნელობას, ასევე შრომითი ურთიერთობების სფეროში თანამედროვე სტანდარტების დანერგვის აუცილებლობას, რამაც საბოლოო ჯამში, უნდა მიგვიყვანოს უფრო დაცულ, გარანტირებულ, უსაფრთხო სამუშაო ადგილებთან და მაღალშემოსავლიან დასაქმებულებთან.

თუმცაღა, ცვლილებები უნდა შემუშავდეს და განხორციელდეს იმგვარად, რომ ერთის მხრივ დაცული იყოს დასაქმებულთა უფლებები, ხოლო მეორეს მხრივ, დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი ტვირთი არ დააწვეს კერძო ბიზნესსა თუ სახელმწიფო ბიუჯეტს.

ამას გარდა, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ევროკავშირთან ასოცირების პროცესი უპირველეს ყოვლისა ითვალისწინებს ეტაპობრივ დაახლოებას, რაც ნიშნავს თავად პროცესის ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელების აუცილებლობას, მათ შორის დირექტივებით განსაზღვრული მოთხოვნების ადექვატურ შეფასებას და ამავე დირექტივებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა და დათქმების მაქსიმალურად გამოყენებას. უფრო მეტიც, საერთაშორისო ვალდებულებები და ევრო-დირექტივები თავისთავად გულისხმობენ და მოიცავენ დაახლოების პროცესის მიმდინარეობას, რაც ქვეყანას დამატებით ლავირების საშუალებას აძლევს, რათა ნებისმიერი ნორმა იყოს თანხვედრაში და შესაბამისობაში ამათუ იმ ქვეყნის სპეციფიკასთან, მოცემულ მომენტში ეკონომიკის განვითარების დონესთან და სხვა. ჩვენს მიერ მოძიებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შემოთავზებული ზოგიერთი ცვლილება საერთოდ სცდება ევრო-დირექტივების ფარგლებს და ასევე არ არის გამოყენებული ზემოთაღნიშული ლავირების შესაძლებლობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრინციპული პოზიციაა, რომ ცვლილებები შრომის კანონმდებლობაში, განხორციელდეს შესაბამისი ანალიზის საფუძველზე და ეტაპობრივად, რაც საშუალებას მოგვცემს, რეგულატორული პოლიტიკა იყოს ეფექტური, არ განვახორციელოთ გაუმართლებელი ტვირთის დაწესება ბიზნესისა და სახელმწიფოსათვის და ამავდროულად დავრჩეთ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცესის ფარგლებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი