“დანაშაულს აღიარებს, მაგრამ ამბობს რომ მას არ სურდა მეუღლისთვის სიცოცხლის მოსპობა”, – ამის შესახებ ხაშურში ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებული, ირაკლი დეანოსიძის უფლებადამცველმა, ლარისა ჩადუნელმა გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში მისვლისას განაცხადა.
უფლედამცველის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მეუღლის მოკვლა განზრახული არ ქონდა და იგი მასთან შვილების შესახებ მოსალაპარაკებლად იყო მისული, რის შემდეგადაც მოხდა ურთიერთშელაპარაკება.
“ირაკლი დეკანოიძეს ბრალი დღეს წარედგინება. ახლა უნდა შევიდე იზოლატორში და მოხდეს შეთანხმება. ფაქტია, რომ მომხდარია მძიმე დანაშაული. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს, რომ მას არ სურდა მისთვის სიცოცხლის მოსპობა. მისული იყო, რომ ბავშვებთან დაკავშირებით დალაპარაკებოდა. შემდგომ მოხდა შელაპარაკება”,- განაცხადა ადვოკატმა.
ბრალდებულის ადვოკატი საქმეში მესამე პირის მონაწილეობის შესახებაც საუბრობს. მისი თქმით, მამაკაცი რომლის ვინაობაც ამ ეტაპზე არ საჯაროვდება, დეკანოიძეს სისტემატურად ურეკავდა და გარდაცვლილიო ნათია გოგალაძის შესახებ მუქარის შემცველ, შეურაცხმყოფელ შეტყობინებებს უგზავნიდა.
დამატებითი დეტალების შესახებ უფლედამცველი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ საუბრობს.
შეგახსენებთ, საზარელი მკვლელობა ხაშურში ორი დღის წინ მოხდა. ბრალდებულმა ირაკლი დეკანოიძემ მეუღლე, რომელთანაც განქორწინების პროცესში იმყოფებოდა, თოფის კონდახით სცემა, რის შედეგადაც 30 წლის ქალი ხაშურის რეფერალურ კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. მას სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები აღენიშნებოდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
ირაკლი დეკაოსიძეს ბრალს ოფიციალურად, დღეს წარუდგენენ.