კობა გვენეტაძე: საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესება საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების ყველაზე კარგი ინდიკატორია

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე, ეხმაურება S&P Global Ratings-ის მიერ სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესებას და ავტორიტეტული საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს.
„საერთაშორისო ინვესტორებისათვის, მაკროეკონომიკური სტაბილურობის და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების ყველაზე კარგი ინდიკატორი საერთაშორისო სუვერენული საკრედიტო რეიტინგებია. ამიტომ, მისასალმებელია საინვესტიციო რეიტინგის გაუმჯობესება.
რეიტინგს გაუმჯობესებაში, მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიების გარდა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა თანმიმდევრულმა პოლიტიკამ. სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო რეზერვების დაგროვება ხელს შეუწყობს საგარეო სექტორიდან მომდინარე რისკების შემცირებას. მცურავი გაცვლითი კურსი და ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანი პოზიტიური ფაქტორებია. რაც შეეხება დოლარიზაციას, მისი მაღალი დონე კვლავ გამოწვევად რჩება, თუმცა მთავრობისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი ღონისძიებებით, დოლარიზაციას შემცირების ტენდენცია აქვს და ასევე გაგრძელდება, რაც თავის პოზიტიურ წვლილს აუცილებლად შეიტანს რეიტინგის მომავალ გაუმჯობესებაში.
ვიმედოვნებთ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენ შევძლებთ, რომ ქვეყანამ მიაღწიოს BBB- ე.წ. „საინვესტიციო რეიტინგ“-ს, რომელიც, თავის მხრივ, ინვესტიციების ზრდის და მდგრადი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება“, – აცხადებს გვენეტაძე.
​შეგახსენებთ, რომ სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ბიჯით, „BB -“ – დან „BB“ – მდე გააუმჯობესა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები