გიორგი პერტაია: S&P-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესება ცალსახად კარგი ამბავია როგორც ქართველი ბიზნესმენებისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნისთვის

„S&P-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესება ცალსახად კარგი ამბავია როგორც ქართველი ბიზნესმენებისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნისთვის“, – ასე აფასებს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია სარეიტინგო კომპანიის გადაწყვეტილებას.
„მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოს მიერ სტაბილური განვითარების, შემოსავლების ზრდის, ექსპორტის დივერსიფიცირების შემთხვევებში კომპანია კვლავ გადახედავს ქვეყნის სუვერენულ რეიტინგს მისი გაუმჯობესების მიმართულებით”, – განაცხადა პერტაიამ.
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია S&P-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით, „BB“-მდე გაზარდა, პროგნოზით „სტაბილური“.
„მნიშვნელოვანია, რომ ასევე, დადებითადაა შეფასებული მთავრობის გადაწყვეტილებები, რომლებიც ემსახურება ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ზრდას, ექსპორტის გაფართოებას და ინვესტიციების მოზიდვას. პოზიტიურადაა შეფასებული სახელმწიფოს მიერ გაწეული კაპიტალური ხარჯები და ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩადებული ინვესტიციები. ამასთან, სარეიტინგო სააგენტოს აქვს მოლოდინი, რომ ეს ღონისძიებები და ქმედებები მომავალშიც გაგრძელდება.
კომპანიის დასკვნაში საქართველოს ეკონომიკა პოზიტიურად არის შეფასებული, მათ შორის, მისი მდგრადობა გარე და საშინაო შოკების მიმართ“, – აცხადებს გიორგი პერტაია.
​მისი თქმით, კომპანიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ რუსეთის სანქციებს საჰაერო მიმოსვლაზე რუსეთსა და საქართველოს შორის ივლისსა და აგვისტოში ჰქონდა უარყოფითი გავლენა ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზე. თუმცა აღნიშნული ნეგატიური გავლენა იყო შეზღუდული, რამდენადაც უკავშირდებოდა მხოლოდ პირდაპირი ფრენების აკრძალვას და ასევე, არ მოჰყოლია სანქციები ქართული ღვინის ექსპორტსა და ფულად გზავნილებზე. რუს ვიზიტორებს შეუძლიათ ქვეყანას ესტუმრონ სახმელეთო გზით და არა პირდაპირი ფრენების საშუალებით. ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით არსებობს პირდაპირი ფრენების აღდგენის შესაძლებლობაც.
​ამავე დროს, გიორგი პერტაია ყურადღებას ამახვილებს S&P-ის მიერ ნახსენებ ეკონომიკურ რისკებს, რომელთა შორისაა ეკონომიკური ზრდის შენელება რუსეთსა და თურქეთში, რომელიც რეცესიასთან ახლოსაა და მათი ვალუტების გაუფასურება.
​მისი თქმით, ამ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებმა შეიძლება გარკვეული ცვლილებები გამოიწვიოს ჩვენს მიერ პროგნოზირებულ წინსვლაში.
„ორივე ქვეყანა ჩვენ ძირითად სავაჭრო პარტნიორებს განეკუთვნება და ამ ქვეყნებში რაც ხდება, ჩვენს ეკონომიკაზეც აისახება“,- აცხადებს პერტაია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები