იოსებ არჩვაძე: რეიტინგის გაუმჯობესება ბოლო წლებში ქვეყნის ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმებისა და ინიციატივების დამსახურებაა

“სარეიტინგო კომპანიამ S&P-მა, რომელიც ფინანსური ბაზრების ანალიტიკური კვლევებითაა დაკავებული, მსოფლიო ქვეყნების სუვერენული საკრედიტო რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს მდგომარეობა ერთი ბიჯით, „BB-„-დან „BB“-მდეა გაუმჯობესებული. ეს მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი რეიტინგების გაუმჯობესება მოხდა მაშინ, როდესაც არც ერთ ჩვენს სახმელეთო მეზობელს არ აქვს კრიზისამდელ  პერიოდთან შედარებით უკეთესი რეიტინგი. ეს ნიშნავს, რომ ხსენებული საერთაშორისო სარეიტინგო  სააგენტო არა მარტო დადებითად აფასებს ქვეყნის ამჟამინდელ განვითარების შედგებს, არამედ ოპტიმისტურად აფასებს მის მომავალს შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით“, – განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა, იოსებ არჩვაძემ S&P- ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის კომენტირებისას.
ექსპერტის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული სააგენტო დასკვნებს აკეთებს არა მყისიერი, კონიუნქტურული, არამედ სისტემური შედეგების, შედარებით ხანგრძლივი დაკვირვების ფონზე, ცალსახად უნდა ითქვას, რომ ეს არის ბოლო წლებში ქვეყნის ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმებისა და ინიციატივების დამსახურება.
„ეკონომიკის ზრდის ასეთი მაღალი ტემპები ვერ იქნებოდა მიღწეული, რომ არა მთავრობის მიერ გატარებული ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ემსახურება ქვეყნის ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, ეკონომიკური პოტენციალისა და ექსპორტის ზრდას, ინფრასტრუქტურის გაფართოებას საკუთარი და გარედან მოზიდული ინვესტიციების ხარჯზე“, – განაცხადა იოსებ არჩვაძემ.
მისი თქმით, ბოლო წლებში გატარებული რეფორმები სექტორალურ და ფუნქციონალურ ჭრილში (მიწის რეფორმა, საპენსიო რეფორმა, დეპოზიტების დაზღვევა, დაწყებული განათლების  რეფორმა, ფაქტობრივად პერმანენტულ რეჟიმში მიმდინარე საგადასახადო რეფორმა და ა.შ.), ასევე უნდა მივიჩნიოთ სარეიტინგო სააგენტოს მიერ საქართველოზე ზემოხსენებული პოზიტიური ვერდიქტის ჩამოყალიბებაში.
„ამავე დროს, საქართველოს ეკონომიკამ გამოამჟღავნა საკმარისი მედეგობა გარე რისკებისა და ფორს-მაჟორული გარემოებებისადმი (რუსეთთან პირდაპირი საავიაციო მიმოსვლის შეწყვეტა და ამ ქვეყნიდან ტურისტული ნაკადის მკვეთრი შემცირება შუა სეზონის დროს). აღნიშნული გარემოებით მიღებული ეკონომიკური ზარალი თავდაპირველ გაანგარიშებებთან შედარებით საგრძნობლად ნაკლები გამოვიდა, რამაც, ვფიქრობ, ასევე გავლენა მოახდინა სააგენტოს მიერ საქართველოსათვის სარეიტინგო შეფასების დადგენაში. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ეკონომიკაში უკვე დაგროვილია საკმარისად დიდი მოცულობის პოზიტიური კუმულატიური მუხტი, რომელიც შეუმჩნეველი არ დარჩენია ავტორიტეტულ საერთაშორისო სააგენტოს და რომელიც კიდევ უფრო შესამჩნევი და გადამწყვეტი იქნება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის საზოგადოებრივი და ინდივიდუალური კეთილდღეობის ამაღლებაში“, – განაცხადა იოსებ არჩვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები