ნათია თურნავა: მნიშვნელოვანია, ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში უკეთ იყოს გათვალისწინებული ყველა ის მთავარი საკითხი, რაშიც ბიზნესი პრობლემას ხედავს

პრემიერ-მინისტრის დავალებით ბიზნესთან კომუნიკაცია გავააქტიურეთ და პირველ რიგში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველა ის მთავარი საკითხი, რაც დღეის მოცემულობით არსებობს და რაშიც პრობლემას ხედავს ბიზნესი, რაც შეიძლება უკეთ იყოს მიმართული და გათვალისწინებული ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ბიზნესმა დასვა რიგი საკითხების, რომელთაგან რამდენიმე უშუალოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს არ ეხება, თუმცა სამინისტრო ამ საკითხებს მიიტანს როგორც მთავრობის სხვა წევრებამდე, ასევე, პრემიერ-მინისტრამდე.

“ვინაიდან ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ვიყოთ ქართული წარმოებისა და ქართული ბიზნესის ლობისტები, ბიზნესის იმ სატკივარს, რომელიც მათ დღევანდელ შეხვედრაზე გააჟღერეს, მივიტანთ მთავრობის სხვა წევრებამდე და რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრის ოფისთანაც გვექნება შესაბამისი განხილვა”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა ასევე დაასახელა ის სამი უმთავრესი საკითხი, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე დაისვა.

“ეს არის მეტი კომუნიკაცია საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების პროცესში, პროგნოზირება და სტაბილურობა, რაც ბიზნესს აწუხებს. ამ ნაწილში, ჩვენ შევთანხმდით, რომ თვეში ერთხელ შევიკრიბებით სხვა უწყებებთან ერთად და გავაცნობთ ბიზნესის წარმომადგენლებს, თუ რა მზადდება, რათა დროულად შევძლოთ ჩვენი გეგმების კორექტირება. მეორე, რაც ითქვა – ყველას სურს, უფრო სწრაფი გადაწყვეტილებები და ეფექტური მენეჯმენტი დაინახოს. აქაც ბევრი გვაქვს სამუშაო და დღეს გავაცანით ბიზნესს, თუ რას ვაპირებთ, თუნდაც პრივატიზაციის მიმართულებით. მაგრამ სხვა ჩვენს კოლეგებთან ერთად გავივლით მათ სტრუქტურებში, რა შეიძლება გაუმჯობესდეს ამ მხრივ. მესამე – ეს არის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, მონეტარული პოლიტიკა და ლარის კურსის თემები. აქაც ბიზნესი უკვე ხედავს, რაოდენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება და ეროვნული ბანკი მჭიდრო კოორდინაციაში მუშაობს ერთმანეთთან და იდგმება ნაბიჯები ლარის კურსის დასტაბილურებისთვის”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ბიზნესთან მუშაობა და შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები