გიორგი გახარია: ღვინო ჩვენი იდენტობის ნაწილიცაა და ყველანაირი კომპრომისი მის ხარისხთან დაკავშირებით მიუღებელია

ღვინო არ არის მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკის ნაწილი, ეს ჩვენი იდენტობის ნაწილიცაა და ხარისხიანი ღვინო არის ის, რა მიზანსაც ჩვენ უნდა მივაღწიოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მეღვინეებთან და მევენახეებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ხარისხთან დაკავშირებით ყველანაირი კომპრომისი მიუღებელია.

“ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ღვინის ხარისხი და რეპუტაცია იწყება იმ გლეხის შრომიდან, რომელსაც მოჰყავს ყურძენი, ამიტომ ვერტიკალურად ინტეგრირებულ ჯაჭვში – მიწიდან დაწყებული საბოლოო პროდუქტამდე ძალზედ მნიშვნელოვანია რეგულირებები და თამაშის წესები. რა თქმა უნდა, ამ ხალხს სერიოზულ წვლილი შეაქვს ქვეყნის ექსპორტში. ღვინო არ არის მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკის ნაწილი, ეს ჩვენი იდენტობის ნაწილიცაა და ხარისხიანი ღვინო არის ის, რა მიზანსაც ჩვენ უნდა მივაღწიოთ. ყველანაირი კომპრომისი ხარისხთან დაკავშირებით მიუღებელია. ეს არის ის შეთანხმებები, რომელსაც მივაღწიეთ. ამ თამაშის წესებზე ჩვენ თითქმის შევთანხმდით თუმცა, არის გარკვეული ჩავარდნები ინსტრუმენტებში, როგორ შეიძლება ამის გაკეთება,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, დღეს მთავრობის სხდომაზე გასული ერთ-ერთი საკითხის შესახებ, რომელიც ეხება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ იზოტოპური ლაბორატორიის ინსტრუმენტების შეძენას. მისი თქმით, ეს ხარისხის გაუმჯობესების საშუალებას იძლევა.

“საინტერესო შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ ბევრ მიმდინარე თემაზე – ლაბორატორიების პრობლემაზე, ჰიბრიდული ჯიშების პრობლემაზე, თუ როგორ დავეხმაროთ გლეხებს, რომ ხარისხიანი პროდუქტი აწარმოონ. წელს, მაგალითად, რთველის განმავლობაში სახელმწიფოს საკმაოდ სერიოზული ჩართვა და ჩარევა მოუწია, რაც გამოსასწორებელია”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბიზნესსექტორთან შეხვედრები გაგრძელდება და შემდეგი შეხვედრა უახლოეს პერიოდში სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები