შალვა თადუმაძე: ამ დიპლომით “საიას“ და “ღია საზოგადოება-საქართველოს“ წლების განმავლობაში ჩემთან კონტრაქტი ჰქონდათ გაფორმებული

“ფონდ „ღია საზოგადოებას“ აქვს რეპუტაცია და როდესაც ასეთ რამეს აკეთებენ, ბუნებრივია, უმჯობესი იქნებოდა, არქივში ჩაეხედათ და ენახათ, მქონდა თუ არა დიპლომი მანამდე, – ასე უპასუხა შალვა თადუმაძემ იურიდიული კომიტეტის მოსმენაზე დეპუტატ ლევან კობერიძეს.

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ თადუმაძეს ჰკითხა, ხომ არ აჯობებდა, მან დროებით შეიჩეროს უფლებამოსილება და შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც დიპლომის ნამდვილობას დაადგენს.

“მინდა, სამართლებრივად განვიხილოთ ჩემი დიპლომის საკითხი. ეს არ არის დიპლომი, რომელიც მე დღეს მოვიტანე. ეს არის დიპლომი, რომელიც ზუსტად 18 წლის წინათ წარვადგინე სახელმწიფო უწყებაში, კონკურსში მივიღე მონაწილეობა და იმ სახელმწიფო უწყებას მაშინ არანაირი ეჭვის საფუძველი არ ჰქონდა, რადგან მაშინ მოქმედი კანონმდებლობით ასეთი ინსტიტუტი არსებობდა და ასეთი დიპლომი გაიცემოდა. არ მომხდარა ისე, რომ მე ეს დიპლომი სადღაც დავმალე და არ გამოვაჩინე“. – განმარტა თადუმაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ “ღია საზოგადოება – საქართველოს“ მასთან, როგორც იურისტთან, 4 წელი კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული ამ დიპლომის საფუძველზე, ახლა კი აცხადებს, რომ მისი დიპლომი ეჭვს იწვევს.

“დღეს ჩემს დიპლომთან დაკავშირებით ინფორმაცია დევს “ღია საზოგადოება – საქართველოს“ საიტზე, რომელიც ამბობს, რომ ჩემი დიპლომი იწვევს ეჭვს და ძალიან უხერხულია, რომ აღნიშნულ ორგანიზაციას 4 წელი დაკონტრაქტებული ვყავდი, როგორც იურისტი და ადვოკატი, ამ დიპლომისა და ამ ავტობიოგრაფიის საფუძველზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ჩემი კვალიფიკაციითა და დიპლომით კმაყოფილები იყვნენ და ამ ორგანიზაციაში 4 წელი საკმაოდ მაღალანაზღაურებად იურისტად ვითვლებოდი იმ პროგრამებში, რომლებსაც “ღია საზოგადოება – საქართველო“ და “ღია საზოგადოების“ ცენტრალური ოფისი აფინანსებდნენ. ამ ინსტიტუტს რეპუტაცია აქვს და როდესაც ასეთ რამეს აკეთებს, ბუნებრივია, უმჯობესი იქნებოდა, თავის არქივში ჩაეხედა და ენახა, მქონდა თუ არა დიპლომი მანამდე და თუ მქონდა, მაგრამ მაინც ეჭვი გაუჩნდა და დანაშაული დაფარა, მისი პასუხისმგებლობის საკითხი დგება, თუ არ მქონდა, აქ ან არაკვალიფიციურობასთან გვაქვს საქმე, იმ კონკრეტულმა პირებმა, რომლებიც ამ დიპლომზე საუბრობენ, არ იციან ის კანონმდებლობა, რომელიც ამ დიპლომის გაცემის საფუძველია. შუალედი არ არსებობს იმიტომ, რომ ამ ფონდებს, მე, როგორც იურისტი და ადვოკატი, ამ დიპლომით ვყავარ აყვანილი“, – განაცხადა თადუმაძემ.

მისივე თქმით, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასაც“ ჰქონდა მასთან ორი წელი კონტრაქტი გაფორმებული იურიდიული მომსახურების გაწევაზე.

“რაც შეეხება მეორე ორგანიზაციას, რომელიც ამ კოალიციის წევრია და ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს, ეს არის “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომელსაც ჩემთან ორი წელი ჰქონდა კონტრაქტი გაფორმებული იურიდიული მომსახურების გაწევაზე. დღევანდელ განხილვას ესწრება საერთაშორისო ორგანიზაცია “პროლოგის“ დირექტორი, გიორგი ჩხეიძე. ის იყო საკონკურსო კომისიის წევრი, რომელშიც მე ამ დიპლომით და ჩემი ავტობიოგრაფიით გავედი და გავიმარჯვე. ამიტომ, როდესაც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ჩემს დიპლომზე საუბრობს, მე მესმის, რომ მის დღევანდელ თავმჯდომარეს საზოგადოებრივი რეპუტაცია არ აქვს, მაგრამ მე, როგორც იურისტს, რომელიც მივიჩნევ, რომ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან“ ძალიან ბევრი რამე მივიღე, როგორც იურისტმა, გული მწყდება, როდესაც ეს ორგანიზაცია თავის არქივში არ ეძებს, ვინ არის შალვა თადუმაძე და ქმნის სურათს, თითქოს შალვა თადუმაძე უდიპლომო და თაღლითია. როგორც ვხედავ, აქ შუალედი არ არსებობს. ამ ადამიანებმა ან ეს კანონები არ წაიკითხეს და ისე მოახდინეს ჩემი პერსონალური მონიტორინგი, და თუ ეს ასე მოხდა, მაშინ არაკვალიფიციურები არიან, ხოლო თუკი წაიკითხეს და მაინც მოახდინეს, არაკეთილსინდისიერები არიან“, – განაცხადა თადუმაძემ.

თადუმაძე ვერ ხედავს მიზეზს, რატომ უნდა გადადგეს, როცა არ არსებობს რაიმე დოკუმენტი, სადაც წერია, რომ შალვა თადუმაძის დიპლომი ყალბია, ან შალვა თადუმაძეს არ შეეძლო იმ დროს ასეთი განათლება მიეღო.

“მე მესმის ეს დიპლომის ამბავი. ბუნებრივია, თავიდანვე მქონდა გაცნობიერებული, რა მოჰყვებოდა ჩემს დიპლომს. საკუთარი ნებით გამოვაქვეყნე ეს დიპლომი და შევედი ამ კონკურსში. 18 წლის განმავლობაში ჩემი დიპლომი არ დამიმალავს. 1999 წელს ეს დიპლომი წარდგენილი მაქვს თავდაცვის სამინისტროში და პირად საქმეში არსებობს. სწორედ ამ დიპლომით ამიყვანეს რამდენიმე სამსახურში, როგორც კვალიფიციური იურისტი. ამიტომ, ახლა ეს საუბარი, რომ მე უნდა გადავდგე, მიუღებლად მიმაჩნია. რატომ უნდა გადავდგე? გვაქვს რაიმე დოკუმენტი, სადაც წერია, რომ შალვა თადუმაძის დიპლომი ყალბია ან შალვა თადუმაძეს არ შეეძლო იმ დროს ასეთი განათლება მიეღო. მსგავსი საბუთი არ არსებობს. არსად გადადგომას არ ვაპირებ. არ მიცხოვრია ისე, რომ რამე დამემალოს, მით უმეტეს, დიპლომი არ მაქვს დასამალი. 2001 წლიდან აქტიურ იურიდიულ საქმიანობას ვეწევი. შეიძლება ითქვას, რომ არც ერთი ხელისუფლებისთვის მისაღები დამოუკიდებელი იურისტი არ ვიყავი. 2006 წელს აქტიურ საადვოკატო საქმიანობას ვეწეოდი, ამ დიპლომით წარვდექი ადვოკატთა ასოციაციაში, ჩავაბარე გამოცდები და მივიღე ადვოკატის საქმიანობის ლიცენზია. ახლა კი იმიტომ, რომ რამოდენიმე არაკვალიფიციური ან არაკეთილსინდისიერი არასამთავრობო ორგანიზაცია ეჭვიანობს ჩემს დიპლომზე, ამიტომ ჩემი 18-წლიანი მუშაობა და ის პირობები, რა პირობებშიც ვმუშაობდი, გადავდო და ახლა დაველოდო, საგამოძიებო კომისია აღიარებს თუ არა ჩემს დიპლომს? ახლა ვეტყვით, რომ საგამოძიებო კომისია იტყვის, რომ ეს დიპლომი არის ნამდვილი, იმიტომ რომ არის ნამდვილი! ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს, ეს დიპლომი გაიცემოდა კანონის თანახმად, მე მქონდა შესაძლებლობა, ეს დიპლომი მიმეღო. ამ დიპლომით მე ჩემი კარიერა შევქმენი“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები