დიმიტრი საძაგლიშვილი: გამოძიებას აინტერესებდა, თუ რატომ იღებდა ანაზღაურებას და პრემიას გიორგი ლაფერაშვილი
გამოძიებას აინტერესებდა თუ რატომ იღებდა ანაზღაურებას და პრემიას გიორგი ლაფერაშვილი, რაც ჩემი შეფასებით, სასაცილოა. ამის შესახებ „ფორმულა ნიუსის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი ლაფერაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პროკურატურას აქვს კონკრეტული დავალება და ეს დავალება მიმართულია დამოუკიდებელი მედიასაშუალებების წინააღმდეგ, რათა ქვეყანაში კრიტიკული აზრი არ ისმოდეს.
“ბუნებრივია, კერძო კომპანიაში დასაქმებული პირი კომპანიაში რამდენს იღებს ხელფასს და რა მოცულობის პრემიას, ეს გამოძიების ინტერესი არ უნდა იყოს და ამაზე საქართველოს პროკურატურა დროს საერთოდ არ უნდა კარგავდეს. ეს მიუთითებს ერთადერთ რამეზე, რომ მათი ინტერესი არ არის გაარკვიონ ამ საქმეში რა ხდება. მათ აქვთ კონკრეტული დავალება და ეს დავალება მიმართულია დამოუკიდებელი მედიასაშუალებების წინააღმდეგ, რათა ქვეყანაში კრიტიკული აზრი არ ისმოდეს. ეს ცალსახად აბსურდული საქმეა. იმიტომ, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც მუშაობს, იღებს ანაზღაურებას და იღებს ბონუსებს. იქიდან გამომდინარე, რომ საერთოდ არ არის ეს პროკურატურის საგანი და არ უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში, წარმოდგენა არ მაქვს რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ამ საქმეს”,-განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.