გურამ მაჭარაშვილი: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცესი ობიექტურად და გამჭვირვალედ მიმდინარეობს

საზოგადოებისთვის მიცემული დანაპირები, რომ გავწერდით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის ღია და გამჭვირვალე პროცედურას და რომ კანდიდატების მოსმენა ასევე გამჭვირვალედ და მაღალი სტანდარტით განხორციელდება – შევასრულეთ და დარწმუნებული ვარ რომ ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე ისე, როგორც შეეფერება ქართულ საზოგადოებას და მართლმსაჯულებას,- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატმა კოლეგებს საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობის ხანგრძლივი და ფართო ჩართულობით განხორციელებული პროცესიც შეახსენა და აღნიშნა, რომ გაწერილ პროცედურებსა და კრიტერიუმებს დადებითად აფასებს ევროკავშირიც.

„გასული კვირის ხუთი დღის განმავლობაში, იუსტიციის საბჭოსთან შედარებით, რომელმაც ასევე დააწესა საკმაოდ ხანგრძლივი გასაუბრებების სტანდარტი, ჩვენ თამასა კიდევ უფრო ავწიეთ და იურიდიულ კომიტეტში, პრაქტიკაში დაინერგა, რომ ერთი დღის განმავლობაში, ვუსმენთ ერთ კანდიდატს და ყველას აქვს საშუალება, პირდაპირ ეთერში უყუროს რა რესურსი აქვს ამა თუ იმ კანდიდატს, მათ შორის, ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას. გარდა ამისა, კომიტეტის თავმჯდომარე კითხულობს მოქალაქეების კითხვებს. ეს არის სტანდარტი, რომელიც დაინერგა იურიდიულ კომიტეტში და საქართველოს პარლამენტში”,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ასევე, ტაქსების რეფორმის შესახებ ოპონენტთა მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა.

„აქ გაჟღერდა, რომ მოქალაქეებმა თავისით იშოვეს სამსახური და თითქოს, ჩვენ ახლა ხელს ვუშლით. პირიქით, ეს რეგულაციები არსებობს იმისთვის და გამბედაობა უნდა გვეყოს და ვაღიაროთ, რომ არა მხოლოდ ტაქსის მძღოლების მუშაობა, არამედ საზოგადოების იმ ნაწილის კომფორტიც უზრუნველვყავით, რომლებიც სარგებლობენ ტაქსის მძღოლების მომსახურებით. ყველა რეგულაცია რომელიც არის დაწესებული ამ კანონმდებლობით, მიმართულია ამ სერვისის მოწესრიგებისკენ”,- განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები