გიორგი კახიანი: საკონსტიტუციო ცვლილებას პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსესუსით მივიღებთ

მას შემდეგ, რაც 1995 კონსტიტუცია მივიღეთ, პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილება იქნება ერთ-ერთი ის ცვლილება, რომელიც ძალიან პრინციპული საკითხია პოლიტიკური ჯგუფებისთვის და რომელსაც ჩვენ მივიღებთ პოლიტიკური კონსენსუსის შედეგად, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება როგორც ხელისუფლების დამსახურებაა, ასევე, ეს ნაბიჯი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა განაპირობა.

„გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ეს არის ჩვენი ხელისუფლების ძალიან დიდი დამსახურება. ისიც უნდა ითქვას, რომ მნიშვნელოვანწილად ეს განპირობებული იყო იმ პოლიტიკური პროცესებით, რომელიც მიმდინარეობდა და რა თქმა უნდა, საზოგადოების და ძირითადად ახალგაზრდობის დამოკიდებულებით ამ საკითხთან მიმართებაში”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

კახიანმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება საპარლამენტოს არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარების შესახებ, ჯერ კიდევ, ერთი წლის წინ იყო მიღებული, თუმცა კონსენსუსის საგანი ვერ გახდა დრო, თუ როდიდან დაიწყებოდა ამ სისტემაზე გადასვლა.

„ვფიქრობ, რომ კონსტიტუცია, რომლის რედაქცია 2017 წელს განხორციელებული ცვლილების შედეგად არის ჩამოყალიბებული, რეალურად ძალიან კარგი კონსტიტუციაა, რომელსაც, სამწუხაროდ, არ ჰქონდა ოპოზიციის მხრიდან კონსესუსი და ჩემი აზრით, ამის ძირითადი მიზეზი იყო სწორედ, პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედების ვადასთან დაკავშირებული საკითხი. ამ თვალსაზრისითაც ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივა კონსტიტუციის მიმართ ძალიან პოზიტიურ დამოკიდებულებას განაპირობებს”, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, კონსტიტუციური ინიციატივის ფარგლებში არის საკითხები, რომელზეც განსხვავებული შეხედულებები არსებობს, მაგალითად: ეს ეხება ბარიერთან დაკავშირებულ საკითხს და ბლოკების გაერთიანების საკითხს.

„ამ საკითხებზე ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი პოზიცია. სიმართლე გითხრათ, ამ ხნის განმავლობაში, ვერ მოვისმინეთ საფუძვლიანი არგუმენტები ჩვენი პოზიციების საწინააღმდეგოდ ბარიერთან და ბლოკებთან დაკავშირებით, თუმცა, რა თქმა უნდა, განხილვები გაგრძელდება. ჩვენ კიდევ გვექნება შესაძლებლობა, საკანონმდებლო პროცესის ფარგლებში, მოვისმინოთ სხვა შეხედულებები, ვიმსჯელოთ ამ საკითხზე. ეს პროცესი გაგრძელდება და ძალიან კარგია, რომ საბოლოო ჯამში ყველაფერს კონსესუსით დავასრულებთ”, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები