ივანე მაჭავარიანი : ტყიბული ქვანახშირის მოპოვების სფეროში შესაძლებელია, ეკონომიკური კუთხით საინტერესო იყოს

ვფიქრობთ, რომ ტყიბული ქვანახშირის მოპოვების სფეროში შესაძლებელია, ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროს კუთხით საინტერესო იყოს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, საწარმოს მომგებიანობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, უსაფრთხოების ნორმებისა და სტანდარტების დანერგვა.

„შეიძლება, ჩვენ ფასილიტატორის როლი ვითამაშოთ, მეტი კომფორტი შევუქმნათ პოტენციურ ინვესტორს, ვინც ამას აიღებს, უსაფრთხოების ნორმებს და სტანდარტებს დანერგვას და შესაბამისად, საწარმოს გახდის მომგებიანს. არის ამის რესურსი. ეს რესურსი არ არის გადაწურული. აქედან გამომდინარე, იმედს ვიტოვებ და მგონია, რომ ამ გზით განვითარდება სცენარი. ვნახოთ ქალბატონი მინისტრი რა ამბავს ჩამოიტანს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
მინისტრის განცხადებით, დეტალების შესახებ ინფორმირებული არ არის და ეს საკითხი ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივაა.
„გულახდილად გეუბნებით, დეტალებს არ ვფლობ. ეს სრულად ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივაა და ვფიქრობ, ისინი გააკეთებენ კომენტარს. თუმცა მაქვს ინფორმაცია, რომ არის დაინტერესება სხვადასხვა ბიზნეს ჯგუფებიდან. ეს უკვე არის კარგი სიმპტომი, კარგი ნიშანია, დაველოდოთ მოვლენებს. აქედან იქნება ჯანსაღი, ჯანმრთელი, ეკონომიკურად გამართული გამოსავალი“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დღეს ტყიბულში ჩავა. პრემიერის განცხადებით, მისთვის მიუღებელია, ის რაც ტყიბულში ხდება და ყველა ინვესტორსა და დამსაქმებელს მოუწოდებს შეასრულონ სახელფასო ვალდებულებები და შექმნან შესაბამისი სამუშაო პირობები.

შეგახსენებთ, რომ ტყიბულელი მეშახტეები 24 სექტმბრიდან საპორტესო აქციებს მართავენ და სახელფასო დავალიანების გასტუმრებას ითხოვენ.

ამასთან, „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ტყიბულელი მეშახტეებისთვის ხელფასის გაცემა სავარაუდოდ პარასკევიდან იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები