შოთა გეწაძე: შინაგანად ვგრძნობ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის მზად ვარ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მორიგ კანდიდატს, შოთა გეწაძეს უსმენს.
გეწაძე სააპელაციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლეა. მან გასაუბრების დაწყებამდე კომიტეტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ 2003 წლიდან სასამართლო სისტემაში მუშაობს.
„შინაგანად ვგრძნობ, რომ ამისთვის მზად ვარ“, – განაცხადა გეწაძემ და აღნიშნა, რომ მოსამართლის ვალდებულებების ფარგლებში, ეცდება, გასაუბრების დროს დასმულ კითხვებს ამომწურავად და გულწრფელად უპასუხოს.
შოთა გეწაძის სახელს რამდენიმე გახმაურებული გადაწყვეტილება უკავშირდება, მათ შორის მმართველი გუნდის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილისთვის 2011 წელს მოქალაქეობის ჩამორთმევა, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება ივანიშვილისა და მისი მეუღლისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ, რომელიც ივანიშვილის ადვოკატებმა გაასაჩივრეს, შოთა გეწაძემ კი, ძალაში დატოვა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, გეწაძემ მაშინდელი გადაწყვეტილება განმარტა და აღნიშნა, რომ მისი ეს გადაწყვეტილება სამართლიანი და კანონიერი იყო.
“ეს გადაწყვეტილება მაშინდელი კანონის თანახმად იყო სამართლიანი. მაშინდელი კანონის თანახმად, თუ საქართველოს მოქალაქე შემდგომში მიიღებს უცხოეთის მოქალაქეობას, მას შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა“, – განაცხადა მოსამართლეობის კანდიდატმა.
შოთა გეწაძემ, 2012 წლამდე სასამართლოს დამოუკიდებლობაც შეაფასა და აღნიშნა, რომ თავისუფლების კუთხით სასამართლო სისტემაში წარსულშიც და დღესაც არსებობს პრობლემები.