ისანში მეტრომშენი-ვაზისუბნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონის გამგეობამ მეტრომშენი-ვაზისუბნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაასრულა. აღნიშნულ მონაკვეთში, ორბელებისა და დავით კვაჭანტირაძის ქუჩებზე, საგზაო ინფრასტრუქტურა მთლიანად მოწესრიგდა.
​პროექტის ფარგლებში, 12 300 კვ.მ. ფართობზე მოეწყო ბორდიური და ტროტუარი, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ელექტრო სადენები მიწის ქვეშ განთავსდა, ხოლო გზის გასწვრივ მოეწყო თანამედროვე ტიპის LED განათების სისტემა და ტერიტორიაზე – მიწის ზედა სახანძრო ჰიდრანტიც.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ​საგზაო სამუშაოების ბოლო ეტაპს ისნის გამგებელი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ლევან დავითაშვილთან ერთად გაეცნო. გამგებელი და დეპუტატი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მათ სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზეც გაესაუბრნენ.
“ისანში ორი საკვანძო დასახლების – მეტრომშენისა და ვაზისუბნის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო პროექტი განვახორციელეთ. აღნიშნულ მონაკვეთზე საგზაო სამუშაოები მაღალი ხარისხით ჩატარდა, მთლიანად მოვაწესრიგეთ საავტომობილო და საფეხმავლო გზები. დღეიდან გადაადგილება მოსახლეობისთვის ბევრად კომფორტული გახდა“, – განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
მეტრომშენი-ვაზისუბნის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან 737 777 ლარით დაფინანსდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები