დავით თვალაბეიშვილი: ჩვენი მიზანია ქვეყანაში ჩამოვაყალიბოთ კონკურენტუნარიანი და გამჭვირვალე ენერგეტიკული ბაზარი
კანონპროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ ენერგომიწოდება და განაწილების საქმიანობა გაიმიჯნოს და ქვეყნის ენერგეტიკული ბაზარი იყოს გახსნილი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა ,,ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, კანონპროექტმა ხელი უნდა შეუწყოს გამართული, გამჭვირვალე და კონკურენტული ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის ბაზრების ჩამოყალიბებას, გახსნას, განვითარებასა და ინტეგრირებას.
„ამ ინიციატივის მთავარი აზრი არის ის, რომ ქვეყანაში ჩამოვაყალიბოთ კონკურენტუნარიანი და გამჭვირვალე ენერგეტიკის ბაზარი. ის ითვალისწინებს ახალი, ე. წ. სათამაშო ველის შექმნას ენერგეტიკის სექტორში, აყალიბებს იმ მოთამაშეებს, ბაზრის მონაწილეებს, რომლებმაც ამ სახეცვლილ ენერგეტიკულ სექტორში უნდა მიიღონ მონაწილეობა. ჩამოწერილი და განსაზღვრულია, რა ფუნქციები ექნება თითოეულ მათგანს, რადგან კანონპროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ ენერგომიწოდება და განაწილების საქმიანობა გაიმიჯნოს და ქვეყნის ენერგეტიკული ბაზარი იყოს გახსნილი” – განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით, საქართველოს პარლამენტი განიხილავს ახალ კანონპროექტს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ”, რომელიც ენერგეტიკულ სექტორში წარმოების, გადაცემის, განაწილების, მიწოდებისა და ვაჭრობის ზოგად სამართლებრივ ჩარჩოს დაადგენს.
იგი ასევე ქმნის სამართლებრივ საფუძვლებს მომხმარებლებისთვის, დადგენილი ხარისხის სტანდარტების შესაბამისად, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის უწყვეტი მიწოდებისა და სასმელი წყლით საიმედო მომარაგების უზრუნველსაყოფად. კანონპროექტი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში პირველი მოსმენით განსახილველად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა წარადგინა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, კანონი, სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან ერთად, აწესრიგებს ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის სექტორების მართვასა და ორგანიზებასთან, რეგულირებას, მონიტორინგსა და ზედამხედველობასთან, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრებზე თავისუფალ დაშვებასა და ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებს.