POSTV, ბაჩო ოდიშარია: შეწყალების უფლებამოსილება და სამმაგი სტანდარტი – რატომ იცვლიან „მიშისტები და ნაცები“ პოზიციებს, მიდგომებსა და ხედვებს პრეზიდენტებთან მიმართებაში(ვიდეო)
„რატომ იცვლიან „მიშისტები და ნაცები“ მუდმივად პოზიციებს, მიდგომებსა და ხედვებს პრეზიდენტებთან მიმართებაში“, – ამ კითხვას ინტერნეტტელევიზია POSTV-ის ანალიტიკოსი ბაჩო ოდიშარია საავტორო ვიდეობლოგში პასუხობს.
როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, მსგავსი შეწყალებები საქართველოს უახლესი ისტორიისთვის საკმაოდ ტრაგიკული მეხსიერების ნაწილია.
„სწორედ ეს დანაშაული დაუმტკიცდა მიხეილ სააკაშვილს, რომელიც შანსს არ უშვებდა ხელიდან საკუთარი ხელისუფლების კრიმინალებისთვის თეატრალური გასამართლების შემდეგ მალევე თავისუფლება რომ მიენიჭებინა. ანალოგიურად, პირადი ინტერესების მიხედვით მოქმედებდა გიორგი მარგველაშვილი, რომლის შეწყალებული 3618 ადამიანიდან 80 პროცენტზე მეტი, მსჯავრდებული იყო მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის. მხოლოდ ერთი განსხვავება ყოფილ პრეზიდენტებთან მიმართებაში ის იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სააკაშვილის მხრიდან დამნაშავეების შეწყალების საქმეზე ბრალის დამტკიცებას უწოდებდნენ პოლიტიკურ დევნას. მარგველაშვილს იცავდნენ იმ არგუმენტით, რომ შეწყალების უფლება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა და კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამო მისი დასჯა არ შეიძლებოდა. თუმცა ნარატივი რადიკალურად შეიცვალეს იგივე ადამიანებმა ზურაბიშვილის შემთხვევაში“, – ამბობს ბაჩო ოდიშარია.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი მიზანი ხელისუფლების დისკრედიტება და მისი შესუსტებაა, რაშიც მთავრობაში მობრუნების გზას ხედავენ, რადგან საკმარისზე მეტი ფაქტობრივი მაგალითი და პირადი გამოცდილება აქვთ იმისა, რომ ხალხი მათ საკუთარი სურვილით ხელისუფლებაში აღარ დააბრუნებს.
„ყოველთვის, როდესაც საქმე მათთვის არმოსაწონ ფიგურას ეხება, განგაშის ზარები სირენასავით გაისმის, ყოველგვარი უხერხულობის გარეშე. სასაცილო და სრულად ამორალურია მათი მხრიდან აღშფოთებული სახით კრიტიკის მოსმენა, როდესაც ანალოგიურ საქმეზე სააკაშვილს ოლიგარქიული შურისძიების ობიექტად გვასაღებდნენ, ხოლო მათთან შეხმატკბილებულ მარგველაშვილს პრეზიდენტად, რომელმაც მხოლოდ კანონით მინიჭებული უფლება გამოიყენა. სააკაშვილის, მარგველაშვილის და ახლა უკვე ზურაბიშვილის მიერ, მსგავსი სახის, ანუ მძიმე დანაშაულში მხილებული დამნაშავეების შეწყალება მავნებლური ქმედებაა, რადგან საზოგადოებაში აჩენს დიდ ეჭვებს, ამსუბუქებს სასჯელის შიშს, დაუსჯელობის და უსამართლობის განცდას. თუ ეს ხორციელდება, როგორ ჰუმანური აქტი, მას სჭირდება ფუნდამენტური დასაბუთება და საზოგადოების დეტალური ინფორმირება, სხვა შემთხვევაში, ეს მოცემულობა მართლმსაჯულების საბოტაჟის მცდელობას ემსგავსება“, – ამბობს ბაჩო ოდიშარია.
ამასთანავე, მისი თქმით, ძალიან ცოტა თუ მოიძებნება ისეთი ამომრჩეველი, რომელმაც ზურაბიშვილს იმის გამო მისცა ხმა, რომ მასში საკუთარი ქვეყნის მთავარსარდალს ხედავდა.
„სალომე ზურაბიშვილის არჩევა პირველ რიგში განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ მის საპირწონედ გრიგოლ ვაშაძე იდგა, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც ახალაიების, მერაბიშვილის და სააკაშვილის შეწყალებას აანონსებდა, შესაბამისად, ქალბატონი სალომე სხვისი მიუღებლობის გამო არჩეული პრეზიდენტია. სამწუხაროდ, მისი საშინაო ქმედებები კიდევ უფრო აძლიერებს ხალხში მისდამი მიმღებლობის დაქვეითებას“, – ამბობს ანალიტიკოსი.
ბაჩო ოდიშარიას თქმით, დაუშვებელია, შეწყალების უფლება – ინსტრუმენტი, რომელიც ჰუმანისტური მიზნებისთვისაა შექმნილი, საზოგადოებისთვის აღშფოთების საგანს და სამართლიანობის დარღვევის განცდას ნერგავდეს.
ავტორი იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტის შეწყალების ირგვლივ დაწყებული გამოძიება მალე დაადგენს, რა მოტივით მოხდა ის, რაც მოხდა და ვის ეკისრება უშუალო პასუხისმგებლობა იმაზე, რომ შესაწყალებელთა სიაში ამ უფლებისგან დისკვალიფიცირებული ადამიანები მოხვდნენ.