“თქვენმა რეჟიმმა მომიკლა ძმა, შემდეგ კი მამა” – ვინ არის გორელი გოგონა, რომელმაც საკონსტიტუციო პროექტის განხილვაზე “ნაცმოძრაობას” მიმართა (ვიდეო)

ახალგაზრდა გოგონა, რომელმაც გუშინ გორში გამართული საკონსტიტუციო კანონის პროექტის საჯარო განხილვის დროს სიტყვით გამოსვლა ითხოვა, 27 წლის მარიამ მელაძეა. აუდიტორიის ყურადღება მარიამის მღელვარე ხმამ და მის მიერ გაჟღერებულმა სიტყვებმა მიიქცია: “ მინდა მივმართო აქ დამსწრე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს. დღეს ჩემი მრავალრიცხოვანი ოჯახიდან მხოლოდ მე ვესწრები ამ შეხვედრას, რადგან თქვენმა რეჟიმმა მომიკლა ძმა, შემდეგ კი მამა“.

მარიამი “კვირასთან” მისი ოჯახის ტრაგედიას იხსენებს, რომელიც როგორც ამბობს, 2005 წლის 24 სექტემბერს დაიწყო, როდესაც ლანჩხუთში მეგობართან სტუმრად მყოფი მისი 27 წლის ძმა, ხვიჩა მელაძე, სამართალდამცველებმა მანქანაში ჩაცხრილეს. იმ დროინდელ შსს სამინისტროში კი მელაძეების ოჯახს განუმარტეს, რომ ხვიჩა მეგობართან ერთად საყაჩაღოდ მიდიოდა. მარიამი ჰყვება, რომ საქმის მასალები და მტკიცებულებები გარდაცვლილის ოჯახისთვის გამოძიებას არ გაუცნია.
უკვე 14 წელია მარიამის დილა მისი ძმის სურათის გასუფთავებითა და საუბრით იწყება: “დადგება ის დღე, როდესაც შენი მკვლელები დაისჯებიან“.

რა მოხდა 2005 წლის 24 სექტემბერს ლანჩხუთში ?
-ძალიან მტკივნეული თემაა ჩემთვის, 2005 წლის 24 სექტემბერს “ნაციონალურმა მოძრაობამ” ის დიდი იმედი და ფრთები მომამტვრია, რომელსაც ძმა ჰქვია. მე ვთვლი, რომ ვაჟკაცი ძმა მყავდა, ამიტომ ლაჩრობა არ შემეფერება. გუშინ ჩემი გამოსვლაც სწორედ ამისი დამტკიცება იყო.
კარგად მახსოვს ის დღე, ნათესავებთან ვიყავით, ხვიჩას გარდა მთელი ოჯახი იქ იყო. ხვიჩა ლანჩხუთში იყო მეგობართან. მახსოვს დედაჩემის კივილი “ხვიჩა აღარ არის”, მაშინ 13 წლის ვიყავი, თუმცა ჩემი თვალებიდან არ ამოდის, თუ როგორ ამზადებდნენ ხვიჩას მოსასვენებლად სახლს. მამაჩემი ჩავიდა ხვიჩას ცხედრის წამოსაღებად. როგორც გვიყვებოდა, ხვიჩა იმდენად დასახიჩრებული იყო, ძლივს იცნო. იმაზე დიდი ტკივილი რა არის, როდესაც შენი შვილის გაყინული, სისხლიანი სხეულის დაბანა გიწევს. ამის შემდეგ დღე არ გასულა, რომ მამაჩემს ის საშინელი წუთები არ გაეხსენებინა და სწორედ ხვიჩას დარდმა მოკლა. 14 წელი გავიდა და დღემდე ხვიჩას მკვლელების დასჯის მოლოდინში ვართ. მე მჯერა, რომ “ქართული ოცნების” პირობებში აუცილებლად დაისჯება ყველა ის პირი, რომლებმაც ჩემი 27 წლის ვაჟკაცი ძმა სასიკვდილოდ გაიმეტა.

– ხვიჩას მანამდე ჰქონდა პრობლემები გორის პოლიციასთან და დაკავებულიც იყო. მოგვიყევით რა მიზეზით იხდიდა ხვიჩა სასჯელს?
-სააკაშვილის რეჟიმის პრინციპი იყო ახალგაზრდების სანახაობრივი მოკვლა. ჩემი ძმა მართლაც, რომ გამოირჩეოდა თავისი გარეგნობით, ხასიათით, ვაჟკაცობით. სწორედ ასეთ “საჯიშე” ვაჟკაცებს ხოცავდა ის ავბედითი რეჟიმი. პირველად ხვიჩა 2004 წლის 1 სექტემბერს დააკავეს მთელი უბნის თვალწინ. ეზოში შეკრებილმა ხალხმა კარგად დაინახა, თუ როგორ ჩაუდეს პოლიციის თანამშრომლებმა იარაღი და დიდი ოდენობით ცელოფანში შეხვეული მარიხუანა, რომლის მომხმარებელი ჩემი ძმა არასდროს ყოფილა. ხვიჩა მხოლოდ თავისი დაუმორჩილებელი და სამართლიანი ხასიათის გამო დააკავეს. 9 თვეში გამოუშვეს 2005 წლის 18 აგვისტოს და თითქმის ერთ თვეში, 24 სექტემბერს, მომიკლეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, აპირებდა ქვეყნიდან წასვლას, რადგან სულ უთვალთვალებდნენ პოლიციის თანამშრომლები, 27 სექტემბერს უნდა წასულიყო. 24 სექტემბერს ლანჩხუთში წავიდა მეგობართან გამოსამშვიდობებლად და სწორედ იქ მოუღეს ორივეს ბოლო, ჩაცხრილეს.

-შესაბამისი ორგანოების მხრიდან რა განმარტება მიიღეთ თქვენი ძმის მკვლელობის შესახებ?
-რა უნდა ეთქვათ, ხვიჩა ქვეყნის ამომგდებად, ყაჩაღად და უკანასკნელ ადამიანად გამოიყვანეს. ვინმეს თუ გაუგია ხვიჩას ცუდი კაცობა? უწყებები და განყოფილებები ერთმანეთს აბრალებდნენ, თუ ვინ ჩაატარა ოპერაცია, რომელმა სამმართველომ, მაინც ვერ გავიგეთ. თუმცა ერთი კი გავიგეთ, გირგვლიანი, რობაქიძე, ვაზაგაშვილი, ჩემი ძმა ხვიჩა მელაძე ერთი ადამიანის და მისი მანკიერი სისტემის მსხვერპლნი გახდნენ. მინდა მივმართო ხელისუფლებას – გთხოვთ ხელახლა გამოიძიეთ ჩემი ძმის საქმე. ამ დარდმა მოკლა მამაჩემი და არ მინდა ამ დარდით ვიცხოვრო მეც…

 

ნინო ბერძენიშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები