„ჩვენს გაერთიანებას აქვს ინიციატივა – 40 საათის ზემოთ სამუშაო საათები ზეგანაკვეთურად ანაზღაურდეს“

მეტროს თანამშრომელთა დამოუკიდებელი პროფკავშირი „ერთობა 2013“ შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმაურება. როგორც „ერთობა 2013-ის“ თავმჯდომარემ ზაზა ბარბაქაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მინიმალური ხელფასის დადგენა აუცილებელია.

“არ გვინახავს ეს დოკუმენტი, რას მოიცავს, რა წერია შიგნით არ ვიცით. ჩვენი პოზიციაა: არ შეიძლება საქმე ბოლოდან დაიწყო. თუ ქვეყანაში არ იქნება მინიმალური ხელფასი, არ შეიძლება ადამიანს აუკრძალო თუნდაც ორ, თუნდაც სამ სამსახურში მუშაობა. რაც შეეხება ზეგანაკვეთურ მუშაობას: ჩვენს გაერთიანებას აქვს ინიციატივა, რომ 40 საათის ზემოთ უკვე ზეგანაკვეთურად ანაზღაურდეს და არა დავუშვათ, 48 საათამდე ან 60 საათამდე. იმიტომ, რომ დღეს არის სამსახურები, თუნდაც მეტროპოლიტენში, რომელიც სცილდება 48 საათს, ამიტომ ასე ვერ დარეგულირდება ეს საკითხი, რადგან არსებობს სპეციფიკური სამსახური, როგორიც მეტროა, იქ ვერ იმუშავებ სხვანაირად. ამიტომ, ამ ყველაფერს სჭირდება უფრო სწორი და თანმიმდევრული დალაგება. ასევე მინდა ვთქვა, თუ ქვეყანაში დასაქმებულები იმუშავებენ ერთ სამსახურში და შეუწყდებათ მეორე სამსახურის ანაზღაურება, იძულებულები გახდებიან აქედან წავიდნენ. ამით იკარგება მუშა ხელი, პოტენციალი“- განაცხდა ბარბაქაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, მოამზადა შრომის კოდექსში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი და შრომის ინსპექციის შესახებ ახალი კანონპროექტი, რომლის ინიცირება და მიღებაც საშემოდგომო სესიაზეა დაგეგმილი.
კოდექსის მეხუთე მუხლი დასაქმებულების სამუშაოს მოცულობას განსაზღვრავს. კოდექსის მიხედვით, კვირაში ნორმირებული სამუშაო გრაფიკი 40 საათია, ზეგანაკვეთური შრომის შემთხვევაში კი 48. ამავე კანონის ერთ-ერთი მუხლი (16) კი განმარტავს, რომ აკრძალულია ერთზე მეტი სრულ ან არასრულ სამუშაო განაკვეთზე პირების დასაქმება, თუ სამუშაო საათების მოცულობა კვირაში 48 საათს აღემატება.
შრომის კოდექსში ცვლილებების მიზანია, თითოეული დასაქმებული დაცული იყოს იმისგან, რომ დამსაქმებელმა მეტი მუშაობა არ აიძულოს, ვიდრე მისი ჯანმრთელობისთვისაა შესაბამისი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არსებულ კანონში გათვალისწინებულია კვირაში 40-საათიანი სამუშაო დრო და 8-საათიანი ზეგანაკვეთური.

„მნიშვნელოვანი მექანიზმი უნდა იყოს, რომ სახელმწიფომ შეძლოს გააკონტროლოს, ვინმემ ჩვენს მოქალაქეს ზედმეტი მუშაობა არ აიძულოს. ეს იქნება ორ სამსახურში თუ სამ სამსახურში, მისი არჩევანია, მაგრამ თითოეულ დასაქმებულს უნდა ჰქონდეს გარანტია, თუ მიიჩნევს, რომ მისი უფლებები ირღვევა, ამაზე სახელმწიფოს მექანიზმები ჰქონდეს. ცვლილებების მიზანია სტანდარტი შევქმნათ, როდესაც თითოეული დასაქმებული დაცული იქნება, რომ მას არ ამუშავებენ იმაზე მეტ დროს, ვიდრე მუშაობა ეკუთვნის. პრაქტიკულად, ეს გულისხმობს, რომ ვინმეს აუკრძალოს, თავისი სურვილით იმუშაოს რამდენიმე ადგილას. თუ ეს ინტელექტუალურ შრომას ეხება, შეზღუდვები აქ არ შეიძლება დაწესდეს. ალბათ დამეთანხმებით, რომ მომსახურების სფეროში, მრეწველობაში არის სამსახურები, სადაც ადამიანებს სამწუხაროდ, 10-12 საათს ამუშავებენ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

დეპუტატის თქმით, მსოფლიომ აღიარა, რომ დღეში რვასაათიანი სამუშაო დრო ნორმალური სამუშაო დროა და ამაზე მეტი ადამიანისთვის რისკებს შეიცავს.

„ჩვენ უნდა შევქმნათ ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი ჩარჩო, რომ თითოეული დასაქმებული დაცული იყოს“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისი შეფასებით, სპეკულაციაა განცხადებები იმაზე, რომ ცვლილება ხელფასების შემცირებას გამოიწვევს.

„ყველაფერი ეს სპეკულაციაა. ადამიანის უფლებების დაცვა ჩვენი ვალდებულებაა, ისევე, როგორც ნებისმიერი კეთილსინდისიერი ბიზნესის ვალდებულებაა, რომ ადამიანი ამუშაოს ისე, არ შელახოს მისი უფლებები. თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ ადამიანის უფლებების სტანდარტის ქვეყანაში დადგენის გამო დასაქმებულს ხელფასი უნდა შეუცვალოს, ეს ამორალურია, ადამიანურ მორალთან ძალიან შორსაა, რადგან თითოეული ადამიანი მუშაობს და ამ კომპანიებისთვის სიკეთეებს ქმნის“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები