“აჭარაში 2 წლის შემდეგ ჩვენ არ გვექნება არცერთი სოფელი, არცერთი დაბა თანამედროვე წყალმომარაგების, წყალარინების და გზის გარეშე”

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხულოში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. თორნიკე რიჟვაძე, ხულოს მერთან ვახტანგ ბერიძესა და მინისტრებთან ერთად ადგილობრივების მოთხოვნებს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში გაეცნო. გზა, წყალი, გაზი – ეს ის ძირითადი პრობლემებია, რაც მოსახლეობას წლებია აწუხებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დეტალურად გაეცნო საკითხებს და მინისტრებთან ერთად მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

“აქტიურად ვაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს. ყველაზე დიდი პრივილეგია, რაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს გვაქვს, არის ხალხის სამსახური. ამიტომ, მნიშვნელოვანია როგორც საარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდში შეხვედრები მოსახლეობასთან იყოს რეგულარული.
ძალიან ბევრი მიმართულებით ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგები, იქნება ეს ჯანდაცვა, იქნება ეს განათლება, ზოგადად, ინფრასტრუქტურული პროექტები. პრაქტიკულად, აჭარაში 2 წლის შემდეგ ჩვენ არ გვექნება არცერთი სოფელი, არცერთი დაბა თანამედროვე წყალმომარაგების, წყალარინების და გზის გარეშე.
ამის პარალელურად, მნიშვნელოვანია, რომ ის მიმდინარე საკითხები, რომლებიც ხალხს აწუხებს, გადავჭრათ ოპერატიულად და ამაში იყოს ჩართული ხელისუფლების ყველა შტო, თითოეული საჯარო მოხელე. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს პრობლემები ეტაპობრივად გადავჭრათ და გავითვალისწინოთ მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმარებისას“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ ხულოს მოსახლეობასთან შეხვედრისას.

სამთავრობო შეხვედრებზე მისული ადგილობრივები კი კმაყოფილებას გამოთქვამენ აჭარისა და ხულოს ხელისუფლების მუშაობით და იმედოვნებენ, რომ მალე ის დარჩენილი პრობლემებიც აღმოიფხვრება, რაც მათ ჯერ კიდევ აწუხებთ.
“ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ბევრი რამ გაკეთდა სოფელში, ჩვენ სოფელს კლუბი გვაჩუქეს, ძალიან სასიხარულოა, რადგან აქ ვიკრიბებით და სოფლის პრობლემებს განვიხილავთ, სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, გზებიც გაკეთდა, თუმცა პერიოდულად ზიანდება და განახლებას საჭიროებს“, – ამბობს სოფელ ოქროაშვილებში მცხოვრები შოთა აბაშიძე
სოფელ ოქროაშვილების შემდეგ, თავმჯდომარემ და მინისტრებმა სოფელ დიოკნისში მცხოვრებლებიც მოინახულეს. აჭარის ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის მინისტრები მათ ახალ პროგრამებზე ესაუბრნენ, რომელიც 2020 წლისათვის განხორციელდება.
დიოკნისის მცხოვრებლებმა კი ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად ელექტროენერგიის პერიოდული გათიშვა დაასახელეს. მათი თქმით, ზამთარში აღნიშნული სერიოზულ ზარალს მოუტანს ადგილობრივებს.

ხულოს მერის, ვახტანგ ბერიძის განცხადებით, კი ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება, მაქსიმალურად შეეცდება, შეხვედრებზე დასახელებული ყველა პრობლემა უმოკლეს დროში გადაიჭრას.
“მნიშვნელოვანი დღე გვქონდა, შევხვდით მოსახლეობას, მოვისმინეთ სასმელი წყლის, გზებისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პრობლემების შესახებ, თუმცა ამ ყველაფრის მოგვარება რეგიონში უკვე დაწყებული გვაქვს და ვეცდებით უმოკლეს ვადაში დავასრულოთ.  ჩვენ არ გავურბივართ იმ პრობლემებს, რაც მუნიციპალიტეტში არსებობს, და მზად ვართ, ყველა ეს პრობლემა აჭარის მთავრობასთნ ერთად გადავჭრათ“,-ამბობს ხულოს მერი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები