“ქეთევან ციხელაშვილის აპარატი და მთლიანად ხელისუფლება ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების მდგომარეობა გავაუმჯობესოთ”

„შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და მთლიანად ხელისუფლება ძალიან ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ ელემენტარულად გავაუმჯობესოთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების მდგომარეობა. ჩვენ გვაქვს ჯანდაცვის და განათლების პროგრამები და იმ ადამიანებს, რომლებიც შეძლებენ და გადმოვლენ ოკუპანტების მიერ გავლებული ხაზის მიღმა, ვცდილობთ შევუმსუბუქოთ მდგომაროება, თუმცა ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რა საჭიროებებიც მათ აქვთ”, – განაცხადა ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტი, მინისტრის საათის ფორმატში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს უსმენს.
მისივე თქმით, აფხაზეთში და სამაჩაბლოში, სამწუხაროდ, ადამიანის უფლებები ყოველდღიურად ირღვევა და ერთადერთი ქმედითი ბერკეტი, რაც ხელისუფლების ხელშია, ეს არის საერთაშორისო ფორმატები.
„ჩვენი დასავლელი პარტნიორების სერიოზული მხარდაჭერა დიდი ხანია გვაქვს – მთელი ამ კონფლიქტების პერიოდში და რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატი ქალბატონი ქეთის ხელმძღვანელობით ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს მხარდაჭერა კიდევ მეტი იყოს და ამ მხარდაჭერას კიდევ უფრო ინტენსიური ხასიათი ჰქონდეს”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები