მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტის ადმინისტრაცია უნდა გამოვიდეს და დეტალური განმარტებები გააკეთოს შეწყალებასთან დაკავშირებით

0

„უმრავლესობის არაერთმა წევრმა გავაკეთეთ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია უნდა გამოვიდეს და დეტალური განმარტებები გააკეთოს ამ შეწყალებასთან დაკავშირებით. მათ შორის, იმ ადამიანებმა, ვინც ეს საბუთები მოამზადა, ვინც ამ სიაზე იმუშავა, ვინც შესაბამისი დოკუმენტები მიიღო, გაეცნო და გადასცა პრეზიდენტს. პრეზიდენტის მხრიდანაც ჩვენ ველოდებოდით დეტალურ განმარტებას, მაგრამ ვნახეთ, რომ მან მორატორიუმი გამოაცხადა თავისივე გადაწყვეტილებაზე და ეს თავის მხრივ შეიცავს პრობლემებს”,- ამის შესახებ ტელეკომპანია იმედის ეთერში ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძემ ​პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ შეწყალებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ წინა პრეზიდენტების შემთხვევებშიც იღებდნენ სუბიექტურ გადაწყვეტილებებს, მაგრამ არსებობდა გარკვეული, თუნდაც ცუდი, ლოგიკა შეწყალებებთან დაკავშირებით. მისივე თქმით, გაუგებარია თუ რა კრიტერიუმებით და არგუმენტებით შეიწყალა მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული ადამიანები პრეზიდენტმა.

„როცა შეწყალებაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ყოველთვის პრინციპულები ვიყავით, როცა ვაფასებდით მიხეილ სააკაშვილის ძალიან სუბიექტურ გადაწყვეტილებებს შეწყალებასთან დაკავშირებით. ის შეწყალებას იყენებდა თავისიანებისთვის, ეს ვიცოდით. შემდეგ, იგივე პრაქტიკა გააგრძელა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, აქაც პრინციპული პოზიცია დავიჭირეთ და ვაკრიტიკებდით, მაგრამ ბოლო შემთხვევაში ეს ლოგიკაც კი არ ჩანს და ზუსტი პასუხი ამ წუთას არ მაქვს, რის გამო შეიწყალა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ის ადამიანები, რამაც სავსებით სამართლიანად გამოიწვია საზოგადოების აღშფოთება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

​მისივე განცხადებით, გამოძიების შედეგები მოგვცემს საშუალებას ყველა საკითხს კონკრეტული პასუხი გაეცეს.

კომენტარები

კომენტარი