დიმიტრი ცქიტიშვილი: მსოფლიომ აღიარა, რომ 8-საათიანი სამუშაო დრო ნორმალურია, ამაზე მეტი რისკებს შეიცავს

0

შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის მიზანია, თითოეული დასაქმებული დაცული იყოს იმისგან, რომ დამსაქმებელმა მეტი მუშაობა არ აიძულოს, ვიდრე მისი ჯანმრთელობისთვისაა შესაბამისი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არსებულ კანონში გათვალისწინებულია კვირაში 40-საათიანი სამუშაო დრო და 8-საათიანი ზეგანაკვეთური.

„მნიშვნელოვანი მექანიზმი უნდა იყოს, რომ სახელმწიფომ შეძლოს გააკონტროლოს, ვინმემ ჩვენს მოქალაქეს ზედმეტი მუშაობა არ აიძულოს. ეს იქნება ორ სამსახურში თუ სამ სამსახურში, მისი არჩევანია, მაგრამ თითოეულ დასაქმებულს უნდა ჰქონდეს გარანტია, თუ მიიჩნევს, რომ მისი უფლებები ირღვევა, ამაზე სახელმწიფოს მექანიზმები ჰქონდეს. ცვლილებების მიზანია სტანდარტი შევქმნათ, როდესაც თითოეული დასაქმებული დაცული იქნება, რომ მას არ ამუშავებენ იმაზე მეტ დროს, ვიდრე მუშაობა ეკუთვნის. პრაქტიკულად, ეს გულისხმობს, რომ ვინმეს აუკრძალოს, თავისი სურვილით იმუშაოს რამდენიმე ადგილას. თუ ეს ინტელექტუალურ შრომას ეხება, შეზღუდვები აქ არ შეიძლება დაწესდეს. ალბათ დამეთანხმებით, რომ მომსახურების სფეროში, მრეწველობაში არის სამსახურები, სადაც ადამიანებს სამწუხაროდ, 10-12 საათს ამუშავებენ“ – განაცხადა ცქიტიშვილმა.

დეპუტატის თქმით, მსოფლიომ აღიარა, რომ დღეში რვა საათიანი სამუშაო დრო ნორმალური სამუშაო დროა და ამაზე მეტი ადამიანისთვის რისკებს შეიცავს.

„ჩვენ უნდა შევქმნათ ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი ჩარჩო, რომ თითოეული დასაქმებული დაცული იყოს“, – განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი