სახალხო დამცველი ე.წ. პორნოგრაფიის საქმეზე: ასეთი მძიმე შემთხვევა დიდი ხანია იდენტიფიცირებული არ ყოფილა

0

არასრულწლოვნების მონაწილეობით პორნოგრაფიული მასალის დამზადების საქმეს სახალხო დამცველი გამოეხმაურა.

ნინო ლომჯარია საქართველოში ბავშვთა უფლებების მხრივ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ სქემა, რომელიც შსს-მ გაშიფრა, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაულია. ომბუდსმენის განცხადებით, ბავშვთა სახლებშიც რთული ვითარებები ფიქსირდება, რომელიც მის ანგარიშებშიც ასახულია, თუმცა სამართალდამცავების მხრიდან ამ დრომდე რეაგირება არ მოჰყოლია.

,,ასეთი მძიმე შემთხვევა დიდი ხანია იდენტიფიცირებული არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, სახალხო დამცველად ჩემი ყოფნის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, ჩვენს ანგარიშებში ვსაუბრობთ ბავშვთა შრომაზე და ექსპლუატაციის სავარაუდო შემთხვევებზე. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყანაში ამ მხრივ არსებული მძიმე მდგომარეობა“- განაცხადა სახალხო დამცველმა.

შეგახსენებთ რომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულ აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეებს, თბილისში, ნაქირავებ ბინებში კონსპირაციულად მოწყობილი ჰქონდათ ფოტოსალონები და უცხოეთში რეალიზაციის მიზნით არასრულწლოვნების გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმოებს ამზადებდნენ, რაშიც მათ ქართველი თანამზრახველები ეხმარებოდნენ. ბრალდებულებს დანაშაულებრივ საქმიანობაში, მშობლების თანხმობით, ჩაბმული ჰყავდათ 8-დან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვანი გოგონა. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორები მოზარდების მშობლებს ფოტოების გადაღების სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას უხდიდნენ. ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ხელზე ან საბანკო ტრანზაქციის გზით.

კომენტარები

კომენტარი