გიორგი გახარია – საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველად ფუძნდება ახალი სახელმწიფო უნივერსიტეტი

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველად ფუძნდება ახალი სახელმწიფო უნივერსიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, სწორედ ცოდნაზე დაფუძნებული განვითარებაა ყველაზე მდგრადი და მნიშვნელოვანი.

„სხვაგვარად ჩვენ უბრალოდ ვერ შევძლებთ, 21-ე საუკუნეში ვიყოთ კონკურენტულები სხვადასხვა სფეროში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენს ახალგაზრდებს გაუჭირდებათ, იყვნენ კონკურენტულები. ამიტომ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მადლობა „ქართუს“, მადლობა ბიძინა ივანიშვილს იმ დიდი ქმედებისთვის, რაც დაიწყო და იმედია, მალე ვიხილავთ ამ უნივერსიტეტის პირველ კურსდამთავრებულებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს 2020 წლის სექტემბერში მიიღებს.
უნივერსიტეტის დაარსების იდეა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. პროექტს, რომლის პრეზენტაცია 2016 წლის 8 სექტემბერს გაიმართა, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ სრულად აფინანსებს და მისი სავარაუდო ბიუჯეტი მილიარდი ევროა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოდელი შემუშავებულია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით. უნივერსიტეტი თანამედროვე ინფრასტუქტურითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი საგანმანათლებლო სივრცე იქნება, რომელიც ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ახალ საგანმანათლებლო სივრცეში ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალი იმუშავებს.

ღონისძიებას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და ახალგაზრდები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები