“აუცილებელია, ფსიქოლოგმა, რეაბილიტაციის სპეციალისტმა, შეაფასონ და უთხრან პრეზიდენტს, შეიძლება თუ არა კონკრეტული პატიმრის შეწყალება”

პრეზიდენტი არის პრეზიდენტი, თავისი უფლებამოსილებით, დამოუკიდებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, მაგრამ უნდა მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები, რისთვისაც საჭიროა სისტემის ახლებურად აწყობა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ ძებნილი მსჯავრდებულის შეწყალებას, წულუკიანის თქმით, ის 2009 წლიდან იძებნება.

„როდესაც ჩვენ მივიღეთ შეწყალების აქტი, სადაც ეწერა, რომ გათავისუფლდეს ესა თუ ის პატიმარი, ეს პატიმარი ჩვენს სისტემაში არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ პირობებში, არამედ წინა ხელისუფლების დროსაც არ ყოფილა, 2009 წლიდან არის ძებნილი. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ არანაირი კონტაქტი სამწუხაროდ მარიამობის შეწყალებაზე იუსტიციის სამინისტროსთან არ ყოფილა. ესეც, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან ფრთხილად გასასწორებელი, რადგან პენიტენციური სისტემა, იუსტიციის სამინისტრო და მთავრობა ვერ ჩაანაცვლებს პრეზიდენტის ადმინისტრაციას. პრეზიდენტი არის პრეზიდენტი, თავისი უფლებამოსილებით, დამოუკიდებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, მაგრამ უნდა მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები, რისთვისაც საჭიროა სისტემის ახლებურად აწყობა, რაც სულ არ არის რამე მძიმე ან კომპლექსური სამუშაო. საჭიროა ამას თავად პრეზიდენტი ჩაუდგეს სათავეში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, მაგალითად გლდანის ციხეში, პატიმრებმა, რომლებიც იქ 10 და მეტი წელია არიან, აჩვენეს, რომ რესოციალიზაციის უნარი შეიძინეს.

“ისენი არიან ადამიანები, ვისაც მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები აქვთ ჩადენილი, მაგრამ თავიანთ ცხოვრებითა და შრომით აჩვენეს, რომ რესოციალიზაციის უნარი შეიძინეს. ესეც არ არის საკმარისი იმისთვის, ითქვას, რომ ეს პატიმრები დღესვე უნდა იყვნენ შეწყალებული. აუცილებელია, ფსიქოლოგმა, რეაბილიტაციის სპეციალისტმა, სოციალურმა მუშაკმა შეაფასონ და უთხრან პრეზიდენტს, შეიძლება თუ არა ასეთი ადამიანის შეწყალება და არსებობს თუ არა რისკები. დღეს რისკების შეფასება არ ხდება“, – განაცხადა წულუკიანმა.

ამასთან, იუსტიციის მინისტრის შეფასებით, პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია დაზარალებულის აზრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები