მიხეილ ბატიაშვილმა ევროპის ძიუდოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ტრიუმფატორებს უმასპინძლა

ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში უმასპინძლეს. ევროპირველობის ტრიუმფატორებს წარმატებული ასპარეზობა მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მიულოცა.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას სპორტსმენებთან და მწვრთნელებთან ერთად მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი დაესწრნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო განვლილ ევროპის ჩემპიონატსა და მოახლოებულ მსოფლიო პირველობას, რომელსაც ოქტომბერში მაროკო უმასპინძლებს. მიხეილ ბატიაშვილმა ძიუდოისტებსა და ფედერაციას სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქართველმა სპორტსმენებმა კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიონ.

შეგახსენებთ, რომ ფინეთში დასრულებულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა ინდივიდუალურ შეჯიბრში 6 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა,ხოლო გუნდურ შეჯიბრში საქართველოს გოგონათა და ვაჟთა გაერთიანებული ნაკრები ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ყველა ჩემპიონი, ძიუდოს ფედერაციის პროგრამის „ოლიმპიური გამოწვევა – ტოკიო 2020“-ის მონაწილეა, რომლის ხელმძღვანელი დავით ქევხიშვილი, ხოლო მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანია, მწვრთნელ გიგა ბოჭოიძესთან ერთად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები