ფონდი “ქართუ” და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ახალი საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაციას მართავს

სასტუმროში,”შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“, ხვალ 14:00 საათზე ფონდი “ქართუ” და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ახალი საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაციას გამართავს.

პრეზენტაციის ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და “იულიხის”​ საერთაშორისო კვლევით ცენტრთან ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს. გაიმართება პანელური დისკუსიაც.

ქუთაისისთვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსების იდეა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. პროექტს, რომლის პრეზენტაცია 2016 წლის 8 სექტემბერს გაიმართა, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ სრულად აფინანსებს და მისი სავარაუდო ბიუჯეტი მილიარდი ევროა.

​საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ახალი სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველად ფუძნდება. საგანმანათლებლო სივრცე სტუდენტების პირველი ნაკადის მისაღებად 2020 წლის სექტემბერში იქნება მზად.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოდელი შემუშავებულია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით. უნივერსიტეტი თანამედროვე ინფრასტუქტურითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი საგანმანათლებლო სივრცე იქნება, რომელიც ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

ახალ საგანმანათლებლო სივრცეში ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალი იმუშავებს. უნივერსიტეტი უკვე აქტიურად თანამშრომლობს სამეცნიერო დარგში მსოფლიოს წამყვან სასწავლო და სამეცნიერო ცენტრებთან.

​ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იქნება სამეცნიერო და სასწავლო სერვისების წამყვანი პროვაიდერი, მეცნიერების და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრი მთელს რეგიონში. ის გახდება საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში საქართველოს პოზიციონირების უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. უნივერსიტეტის მართვის სისტემა, საგანმანათლებლო მიმართულებები, მკვლევართა და ლექტორთა შერჩევის წესი შესაბამისობაში იქნება მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Technical University of Munich, TUM) მართვის სისტემასთან, რომელთანაც ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი 2017 წლიდან თანამშრომლობს.

პროექტის პირველ ფაზაში 170 ათასი კვადრატული მეტრის ფართის შენობა-ნაგებობები შენდება, რომელიც 3 სასწავლო კორპუსს, 3 სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს, საცხოვრებელ კორპუსს პროფესორ-მასწავლებელთათვის, ცენტრალურ ბიბლიოთეკას და სასადილოს მოიცავს. შემდეგ ეტაპებზე დამატებით 2 სასწავლო კორპუსი აშენდება – ადრონული თერაპიის ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა, ლაბორატორიები და სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულების სხვა ობიექტები.

ახალი საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაციას ესწრებიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებელი, ფონდ ,,ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე, ნიკო ჩხეტიანი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალეკო თევზაძე, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტი ვოლფგანგ ჰერმანი, “იულიხის” სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი გერნდ ნოიმაიერი, IBA ჯგუფის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი სერჟ ლამისე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის , საგანმანათლებლო წრეებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები