“გაეროსა და WCO-ის ერთობლივი პროექტის საშუალებით, ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან მებრძოლი სამართალდამცავი უწყებების ძალისხმევისა და რესურსების გაერთიანება მოხერხდა”

0

„კონტეინერების კონტროლის პროგრამის“ საშუალებით, მოხერხდა ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან მებრძოლი სამართალდამცავი უწყებების ძალისხმევისა და რესურსების გაერთიანება“, – განაცხადა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ დღეს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის (კონტეინერების კონტროლის პროგრამა) შავი ზღვის რეგიონის მმართველი საბჭოს მეორე რეგიონულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მან აღნიშნა, საბაჟო ორგანოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ნარკოტიკული საშუალებების გადაზიდვის თემა. მისი თქმით, ამ მხრივ, მხოლოდ ქვეყნის შიგნით სამართალდამცავი ორგანოების ძალისხმევის გაერთიანება საკმარისი არაა და საჭიროებს აქტიურ ჩართულობას როგორც საერთაშორისო, ისე რეგიონულ დონეზე.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მოქმედი დანაყოფების ჩართულობა არ შემოიფარგლება მხოლოდ რეგიონული პარტნიორობით. მაგალითად, ჩვენი თანამშრომლების მიერ დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე, კანადაში გამოვლინდა ნარკოტიკული საშუალება „ოპიუმის“ დიდი ოდენობა. აგვისტოში, ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე თელ-ავივის აეროპორტში ისრაელის საბაჟომ ამოიღო 22,2280 კოლოფი სიგარეტი. ასევე, განსაკუთრებით აღსანიშნავია მიმდინარე წელს, გერმანიიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ჩართულობით, დიდი ოდენობით „ჰაშიშისა” (9კგ) და ცეცხლსასროლი იარაღის ნაწილების ამოღების ფაქტი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მსგავსი ინსტრუმენტები კიდევ უფრო ხელს შეუწყობს „კონტეინერების კონტროლის პროგრამის“ ფარგლებში მოქმედი დანაყოფების ეფექტურ საქმიანობას“, – აღნიშნა ვახტანგ ლაშქარაძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, სადაც აღნიშნული პროგრამა დაინერგა და წარმატებით მიმდინარეობს. ამჟამად, მოქმედებს 3 უწყებათაშორისი კონტროლის დანაყოფი, (საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო ტვირთების კონტროლისთვის) რომლებშიც მებაჟე-ოფიცრებთან ერთად, ტვირთების და სატრანსპორტო საშუალებების კონტროლს, ერთობლივად ახორციელებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების, ასევე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები. საერთო ჯამში, სამივე დანაყოფში მუშაობს 21 თანამშრომელი.

კომენტარები

კომენტარი