საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კინოლოგიური სამსახურის განახლებას იწყებს

საქართველოში სამუშაო ვიზიტით გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახურის (THW) შემფასებელი მისია იმყოფება. საერთაშორისო შემფასებლები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგიის სამსახურის მომზადების დონეს შეამოწმებენ და ქართულ მხარეს მაშველი ძაღლების სამსახურის განვითარების გეგმის შემუშავებაში დაეხმარებიან.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ​THW-ის წარმომადგენლები განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების ბაზაზე იმყოფებოდნენ, სადაც ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძიება-გადარჩენის კინოლოგიური ოპერაციების იმიტაცია მოეწყო.
“გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახური INSARAG-ის კვალიფიკაციის მიღების პროცესში ქართული მხარის მენტორი ქვეყანაა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს რამდენიმე მიმართულებით ეხმარება. საძიებო-სამაშველო ოპერაციებისთვის გაწვრთნილი ძაღლები მნიშვნელოვნად შეუწყობენ ხელს სამსახურის ეფექტურობას საძიებო სამუშაოების დროს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ძაღლების გადამზადებას განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს. უახლოეს მომავალში დაგეგმილია კინოლოგიური სამსახურის გაძლიერება ახალი ცხოველებით. მოეწყობა და განახლდება ვოლიერები, გაუმჯობესდება მათი საცხოვრებელი და საწვრთნელი პირობები.
გერმანულ მხარესთან კინოლოგიური სამსახურის განვითარების კუთხით თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება”,-ნათქვამია საგანგებო სიტუაციის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები