„ოპოზიციური ერთობის კონტექსტში ეს არის ჩიხი და არასასიამოვნო მომენტი“ – კაციტაძე „ევროპული საქართველოს“ ინიციატივაზე

0

„ ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე მიიჩნევს, რომ მისი პარტია „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ მოწოდების ადრესატი არ არის. საუბარია მოწოდებაზე, რომლის თანახმადაც პროდასავლურ ოპოზიციური პარტიები არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში არ უნდა შევიდნენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით კაციტაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„მე უფრო მიმაჩნია, რომ ეს არის კონკრეტული პარტიის მიერ დღის წესრიგის საკითხის შექმნის მცდელობა. მაშინ როცა პოლიტიკაში საკითხთა ნაკლებობაა, ან გინდა, მიიპყრო ყურადღება, ხდება ხოლმე ასეთ რამ, თემას იგონებ, რაზეც გინდა არ გინდა გამოხმაურებები უნდა გაკეთდეს. მგონია, რომ ეს იყო ამ ინიციატივის საფუძველი. თუ შინაარსს

მივყვებით, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პარტიას უფლება აქვს, ნებისმიერი საკითხი დასვას, მაგრამ, მე პირადად, ამ შემოთავაზებას, კითხვას, თუ მოთხოვნას, ჩემს თავზე არ ვიღებ, რადგან მგონია, რომ თუ ვინმე არის პროდასავლური ორიენტაციის, ეს ვართ „ახალი მემარჯვენეები“. 2011 – 2012 წლებში, როცა ივანიშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა და რიგი დადგა მის ოფისთან თუ სასახლესთან, „ახალი მემარჯვენეები“ ამ რიგს არ გავკარებივართ. ახლა, რვა წლის შემდეგ, დაღმართზე რომ არის უკვე „ქართული ოცნების“ საქმე, ამ დროს, კოალიციის შექმნაზე კითხვა დამისვა, მგონი ყველაფერთან ერთად, პოლიტიკური უმწიფრობა იქნებოდა მათი მხრიდან.

თუ ვინმე თვლის, რომ საკითხი ჩვენ გვეხება, მაშინ კონკრეტულად ჩვენი მისამართით დასვან ეს საკითხი და პასუხს გავცემ.

საერთოდ, მგონია, რომ ასეთ მოცემულობაში, როცა ერთი მხრივ, აცხადებ, რომ ოპოზიცია უნდა იყოს კონსოლიდირებული , მინიმუმ კოორდინირებული მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილის წინააღმდეგ და მეორე მხრივ, ასეთი ინიციატივით გარკვეულ ჩიხებს ქმნი, ცოტა მეტი ფიქრი შეიძლება იყოს საჭირო აღნიშნული დღის წესრიგის

საკითხების წამოწევის დროს. თაღლითობაში დადანაშაულება უბრალო ჩიხი არაა, სერიოზული პრობლემაა. მაგრამ მთლიანად ოპოზიციური ერთობის კონტექსტში ეს არის ჩიხი და არასასიამოვნო მომენტი. თავად ბრძანეთ – ხომ არ აზიანებს ეს ოპოზიციურ სპექტრსო, რა თქმა უნდა, აზიანებს. ერთი მხრივ, რომ ლაპარაკობ, ერთად უნდა ვიყოთო და მეორე მხრივ, ასეთ უსიამოვნო სიტუაციებს ქმნი ,მგონი, სხვადასხვა რამეს აკეთებ, ერთ დროსა და მოცემულობაში“- განაცხადა კაციტაძემ.

შეგახსენებთ, კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ინიციატივას გამოეხმაურა, სადაც ისინი ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდებენ, ხმამაღლა განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს არ შეუქმნიან მთავრობას და მათთან ერთად არ შევლენ კოალიციაში. მისი შეფასებით, აღნიშნულ ინიციატივას თაღლითობის სუნი ასდის.

„რამდენადაც ვიცი, ყველა ვთანხმდებოდით, რომ არ უნდა ვითანამშრომლოთ „ოცნებასთან”. ვფიქრობ, ეს დიდი ხნის გაფორმებულია და ამისთვის მემორანდუმი სჭირდებათ? მე ვიცი, რომ „ევროპული საქართველოდან“ ზოგიერთი თანამშრომლობს „ოცნებასთან“. არასერიოზული საუბარი ყოველთვის თაღლითობა მგონია, მომიტევონ, მაგრამ ამასაც კვლავ რაღაც თაღლითობის სუნი ასდის”- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი