ზაზა გაბუნია: თვითმმართველობებისთვის ქონების გადაცემით, მათ უჩნდებათ შესაძლებლობა, მიიღონ ახალი, უფრო სტაბილური შემოსავლები, რაც გააჩენს მეტ სამუშაო ადგილს

0

“თვითმმართველობებისთვის ქონების გადაცემით, მათ უჩნდებათ შესაძლებლობა, მიიღონ ახალი, უფრო სტაბილური შემოსავლები, რაც გააჩენს მეტ სამუშაო ადგილს”,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ განაცხადა.
​მისი თქმით, აღნიშნული რეფორმა საშუალებას იძლევა რეგიონები საცხოვრებლად და სამუშაოდ ადგილები მოქალაქეებისთვისუფრო მიმზიდველი გახდეს.

“ჩვენ გუშინ პარლამენტის ბიუროს წარვუდგინეთ დეცენტრალიზაციის რეფორმის სტრატეგიული დოკუმენტი, ამ დოკუმენტზე 6-თვიანი სამუშაო შედეგები, და ახლა მსურს ამ მნიშვნელოვან რეფორმასთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია ძირითად საკითხებთან დაკავშირებით.
​ეს რეფორმა არის გზა იმისა, რომ ჩვენი რეგიონები საცხოვრებლად და სამუშაოდ გახდეს უფრო მიმზიდველი ადგილები ჩვენი მოქალაქეებისთვის. იმისთვის, რომ ის საკითხები, რასაც მთელი ზაფხულის განმავლობაში, ჩვენი გუნდის მიერ მოსახლეობასთან რეგიონებში შეხვედრების დროს, ხალხისგან ვისმენდით და დავალებების სახით მივიღეთ – უფრო ეფექტურად, უფრო სწრაფად და უფრო შედეგიანად მოგვარდეს.

საკითხები, რომელიც ეხება წყალმომარაგებას, გაზიფიცირებას, სასოფლო და არასასოფლო სამეურნეო მიწებს, ჯანდაცვის და სოციალურ სერვისებს, განათლების ინფრასტრუქტურას და ადგილებზე ეკონომიკური საქმიანობის წარმოებისთვის ახალ შესაძლებლობებს რაც თავის მხრივ, ბუნებრივია, ნიშნავს საშუალებებს დასაქმების ადგილების შექმნისთვის.
დეცენტრალიზაციის შედეგად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, რომლებიც მოსახლეობასთან ყველაზე ახლოს მდგომი ორგანოებია და ყველაზე უფრო ახლოს მდგომი რგოლია, ექნებათ მეტი შესაძლებლობები, გადაეცემათ თანდათანობით მეტი რესურსი, როგორც კომპეტენციების ასევე, ქონებრივი, ფისკალური, ფინანსური თვალსაზრისით, რაც ნიშნავს იმას, რომ მოქალაქე მიიღებს ყველაფერს, რაც მისთვის აუცილებელია და რაც უნდა უზრუნველყოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ და მიიღებს ახლოს სახლთან და მიიღებს უფრო სწრაფად.

თვითმმართველობის ფინანსების გაზრდით, მოსახლეობა შეძლებს დასახლებაში საკუთარი ინტერესების გატარებას, მოახდენს გავლენას ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებზე, რაც გაზრდის მათი კმაყოფილების დონეს. გაჩნდება შანსი, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს რომ მისი და მისი წრის აზრი არის მნიშვნელოვანი და მათი აზრი, მათი ინტერესი იქნება გათვალისწინებული.

თვითმმართველობებისთვის ქონების გადაცემით, მათ უჩნდებათ შესაძლებლობა, რომ ისინი ჩაერთო ეკონომიკურ საქმიანობაში, რომ მიიღონ ახალი, უფრო სტაბილური უწყვეტი შემოსავლები, რაც გააჩენს ეკონომიკურ აქტივობას და შესაბამისად, მეტ სამუშაო ადგილს. ეს დაეხმარება მუნიციპალიტეტებს გახდეს საინტერესო თითოეული მოსახლისთვის და შეამციროს შიდა მიგრაცია, რომელიც ახლა, დღეს რჩება ჩვენს გამოწვევად. ამისთვის ჩვენ სამ ნაწილად დავყავით სტრატეგიული დოკუმენტი და მისი მიზნები, რომელიც სწორედ, უფლებამოსილებებს, კომპეტენციებს, ფისკალურ, ფინანსურ, ქონებრივ მხარდაჭერას და იმ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს უკავშირდება, რომელიც საბოლოო ჯამში, მოგვცემს უფრო სანდო, უფრო ანგარიშვალდებულ, უფრო ეფექტიან თვითმმართველობას.

​ეს ყველაფერი დამატებით ნიშნავს იმას, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში ჩვენ რეგიონებში მცხოვრებ თანამოქალაქეთა ინტერესების დაცვისთვის, ვზრდით ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების შესაძლებლობებს.

ეს არის ბევრად მეტი, ბევრად უფრო მეტი, ვიდრე ერთად აღებული ოდესმე რომელიმე ხელისუფლებას გაუკეთებია რეგიონული განვითარებისათვის.
მე მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ჩვენთან ერთად, ხელისუფლებასთან ერთად, ჩართულია ამ პროცესში, პირველ რიგში გაეროს განვითარების პროგრამას, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობებს, ექსპერტებს და საზოგადოებას”,-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი