ზესტაფონში დაღუპული ახალგაზრდა ქალისა და ორი მცირეწლოვანის გარდაცვალების მიზეზი არასწორად დამონტაჟებული წყლის გამათბობელი გახდა
გუშინ ზესტაფონში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ მუნიციპალიტეტების მერებთან და “სოკარ ჯორჯია გაზის” წარმომადგენლებთან, საგანგებო სხდომა გამართა.
როგორც შეხვედრაზე კომპანია „სოკარ ჯორჯიას“ წარმომადგენელმა აღნიშნა, უბედური შემთხვევის მიზეზი, არასწორად დამონტაჟებული წყლის გამათბობელი გახდა. როგორც ირკვევა, “სოკარ ჯორჯიამ” არაგეგმური სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში აღნიშნულ საცხოვრებელში ჩაატარა, მაგრამ ბინაში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, შესვლა ვერ მოხერხდა, რადგან ბინა დაკეტილი იყო, მეპატრონე კი ადგილზე არ იმყოფებოდა.
აღნიშნულ საგანგებო სხდომაზე, მხარის რწმუნებულმა ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, უპრეცედენტო უსაფრთხოების ზომების მიღების საჭიროებაზე ისაუბრა. მისი თქმით, აუცილებელია ყველა გაზიფიცირებული ზონის არა მხოლოდ გეგმური გადამოწმება, არამედ “სოკარ ჯორჯია გაზის”წარმომადგენლების მიერ ყველა დაკეტილი ბინის აღრიცხვა და კონტროლი. ზვიად შალამბერიძის განმარტებით, გაზის მომწოდებელი კომპანიის მიერ ამ დრომდე გატარებული ზომები არ არის საკმარისი და რისკების მინიმუმამდე დასაყვანად, კონტროლის ახალი ბერკეტების შექმნაა საჭირო. სწორედ ამ მიზნით, რწმუნებულმა მხარეებს კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ამ პროცესში მუნიციპალიტეტები მაქსიმალურად იქნებიან ჩართულები. შეგახსენებთ, ზესტაფონში გვიან ღამით მომხდარ ტრაგედიას 25 წლის დედის და მისი ორი მცირეწლოვანი შვილის სიცოცხლე შეეწირა.
გარდაცვალების მიზეზის პირვანდელ ვერსიად წყლის გამათბობლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება.