აჭარელი ლაშა გობაძე მსოფლიო ჩემპიონია

0

სპორტსმენი აჭარის რეგიონიდან უკვე მსოფლიომ გაიცნო. საქართველოს ნაკრების მოჭიდავემ – ლაშა გობაძემ, ყაზახეთში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ოქროს მედალი და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

“ამ გამარჯვებას, რა თქმა უნდა, ველოდი. ჩემპიონატზე გამგზავრებამდე მზად ვიყავი როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურადაც. მყავდნენ ღირსეული მეტოქეებიც, თუმცა გამარჯვება მე მოვიპოვე, რისთვისაც მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც მგულშემატკივრობდა, რადგან დიდ ძალას სწორედ ისინი მაძლევდნენ. განსაკუთრებით კი ჩემს ოჯახსა და ჩემს მწვრთნელს – ლევან შავაძეს მინდა მადლობა გადავუხადო, რადგან რომ არა ისინი მე ამ წარმატებას ვერ მივაღწევდი”, – ამბობს უკვე მსოფლიო ჩემპიონი “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას.

ლაშა გობაძე სპორტით 6 წლიდანაა დაკავებული. ყვება, რომ ყურადღება არასოდეს მოუდუნებია, ვარჯიში არასდროს შეუწყვეტია. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში ევროპის მესამე და მეორე პრიზიორი გახდა კადეტებში, შემდეგ ევროპისა და მსოფლიო მესამე პრიზიორი ახალგაზრდებში და ევროპის ორგზის, 23 წლამდელთა შორის კი ევროპის მეორე და მსოფლიოს მესამე პრიზიორი.
“სხვა საქმიანობით არ ვარ დაკავებული, სპორტი ჩემი ცხოვრებაა. არასოდეს დავნებებულვარ და მიზნისკენ ყოველთვის თავდაუზოგავად მივისწრაფი“, – ამბობს გობაძე
მწვრთნელი ლევან შავაძე, ამავე დროს ლაშა გობაძის ბაბუაა. ამბობს, რომ მიზანი ჰქონდა, რომელიმე მისი მოწაფე მსოფლიო ჩემპიონი უნდა გამხდარიყო. თუმცა, აღმოჩნდა, რომ 62 წლის მწვრთნელს ლაშას გარდა, არაერთი მსოფლიო თუ ევროპის პრიზიორი გაუზრდია.
“ლაშა ჩემი შვილიშვილია გოგოს მხრიდან, ორი თვის ასაკიდან ჩემთან ცხოვრობს, ვარჯიში ადრეულ ასაკში დავაწყებინე. მინდოდა ერთ-ერთი რომელიმე მოწაფე მსოფლიო ჩემპიონი გამხდარიყო, არ ჰქონდა მნიშვნელობა ეს ლაშა იქნებოდა თუ სხვა რომელიმე სპორტსმენი. მიხარია, როგორც ლაშამ, ასევე სხვებმაც რომ მასახელეს“, – ამბობს ლევან შავაძე
ცნობისთვის, 14 სექტემბერს, ლაშა გობაძემ უზბეკი ხაშიმბეკოვი დაამარცხა და  მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისთვის ბრძოლის უფლება მიიღო.
ლაშა გობაძე 82 კგ წონით კატეგორიაში ჭიდაობდა და აზერბაიჯანელი მოჭიდავე ჰუსეინოვი დაამარცხა.

კომენტარები

კომენტარი