საქართველოსა და აშშ-ის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა

პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების თაობაზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 13 სექტემბერს, აშშ-ისა და საქართველოს საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველოს მხრიდან მონაწილეობდნენ  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე. სტუმრები აშშ-ის ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციის (FAA) დირექტორის მოადგილემ, ლირიო ლიუმ, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, კრის რაშლოუმ და ფრენის უსაფრთხოების სტანდარტების სამსახურის დირექტორის მოადგილემ, რობერტ რუისმა მიიღეს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ვაშინგტონში გამართული შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საავიაციო მიმოსვლის დაწყებისათვის აუცილებელ პროცედურულ საკითხებზე ისაუბრეს და ამ მიზნით, საავიაციო ხელისუფლებებს შორის ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. ყურადღება გამახვილდა მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებისა და ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების მომზადების საკითხებზეც.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ამერიკულ მხარეს საავიაციო უსაფრთხოებასა და უშიშროებაზე ზედამხედველობის გაუმჯობესების კუთხით არსებული მიღწევები და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიერ საქართველოში ჩატარებული აუდიტის შედეგები გააცნო, რომლის მიხედვითაც, ქვეყანას რეგიონში მოწინავე პოზიცია აქვს. ასევე, ლევან კარანაძემ ისაუბრა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გატარებულ სამუშაოებზე ევროკავშირის რეგულაციების და დირექტივების დანერგვის კუთხით, რაც ქვეყნის მხრიდან ფრენების უსაფრთხოებისა და მგზავრთა უფლებების დაცვის მაღალ ხარისხზე მიუთითებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, აკაკი საღირაშვილის განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ის საავიაციო უწყებებს შორის მჭიდრო ურთიერთობების დამყარება პარტნიორ ქვეყნებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დასაწყებად, ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება.

„აშშ-ის ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციასთან  თანამშრომლობის გაღრმავება და მისი გამოცდილების გაზიარება დაეხმარება საქართველოს საავიაციო ხელისუფლებას ზედამხედველობის ხარისხის ამაღლებასა და ინსტიტუციონალურ გაძლიერებაში, რაც თავის მხრივ, ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება ორ ქვეყანას შორის საავიაციო მიმოსვლის დასაწყებად”, – განაცხადა აკაკი საღირაშვილმა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის, ლევან კარანაძის განცხადებით, FAA-თან თანამშრომლობა  საქართველოში ფრენის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას შეუწყობს  ხელს და  ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების ტექნიკურად განხორციელებისათვისაც მნიშვნელოვანია.

“აშშ-ის ფედერალური ავიაციის ადმინისტრაცია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე და მძლავრ საავიაციო ხელისუფლებას მსოფლიოში, რომელიც საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებთან ერთად, დღის წესრიგს ქმნის ამ სფეროში. FAA-თან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ფრენის უსაფრთხოების სტანდარტების შემდგომ გაუმჯობესებას ჩვენს ქვეყანაში. ამასთან, საავიაციო ხელისუფლებებს შორის აქტიური კავშირების დამყარება უაღრესად მნიშვნელოვანია სამომავლოდ, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების ტექნიკურად განხორციელებისათვის”, – განაცხადა  კარანაძემ.

​საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა United Airlines-ის და Delta Airlines-ის წარმომადგენლებთან. ვიზიტის ორგანიზებაში, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული საქართველოს საელჩო აშშ-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები