გიორგი გახარია: ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა და მნიშვნელოვანია სწრაფი, გაზომვადი შედეგები

“ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა, კიდევ ბევრი რამ ამ მიმართულებით და მნიშვნელოვანია სწრაფი, გაზომვადი შედეგები”,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაური ახალი სასწავლო წლისთვის მზადების პროცესით დაინტერესდა და მიიღო ინფორმაცია, რა სიახლეებით ხვდება სამინისტრო 2019-2020 სასწავლო წელს.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ  განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ხელშესახები შედეგი იგრძნოს.

გიორგი გახარია სამინისტროების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს ეტაპობრივად გამართავს, რათა უწყებებში არსებული დინამიკის შესახებ კონკრეტული ცნობები მიიღოს.

„ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა და კიდევ ბევრი რამ. ეს ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად უნდა აშენდეს და ხალხმა ეს უნდა იგრძნოს. არ შეიძლება, მოსახლეობას ვუთხრათ, რომ ეს შედეგი დადგება 10 წლის შემდეგ. ეს არასწორი იქნება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა პრემიერს ინფორმაცია უკვე განხორციელებული რეფორმების შესახებაც მიაწოდეს, მათ შორისაა ეროვნულ სასწავლო გეგმაში სკოლების მოთხოვნის შესაბამისად შეტანილი ცვლილებები, რაც სკოლას მეტ ავტონომიას და საგაკვეთილო ბადის საკუთარ რეალობაზე მორგების საშუალებას აძლევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები