ირაკლი ანთაძე: როდის გაიხსნება ახალგორის გადასასვლელი კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ – ერგნეთის შეხვედრა დასრულდა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ტექნიკური შეხვედრა დასრულდა.
როგორც ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განუცხადა, პოზიციები კვლავ არის დიამეტრალურად განსხვავებული.
მისი თქმით, ქართულმა მხარემ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო მოქმედებების განხორციელების შეწყვეტა მოითხოვა.
რაც შეეხება საოკუპაციო ძალების მიერ გადაკეტილ ე.წ. საზღვარს, ანთაძე ამბობს, რომ „გადასასვლელების დაკეტვა დაუკავშირეს ჩორჩანას ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს არის წმინდა ჰუმანიტარული ასპექტი, რითაც სარგებლობს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობა. ამით უარესდება მათი ყოველდღიური ცხოვრების პირობები. სამწუხაროდ, არ არის მათი პოზიცია კონსტრუქციული. გასასვლელების დაკეტვა გარკვეული პერიოდის შემდეგ გააჩენს კონკრეტულ პრობლემებს იქ მაცხოვრებლებისთვის. როდის გაიხსნება ახალგორის გადასასვლელი კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ“, – აღნიშნა ანთაძემ.
მისი თქმით, მხარეები მხოლოდ ერთ საკითხზე აღწევენ კონსენსუსს და ეს არის დიალოგის გაგრძელების აუცილებლობა, თუმცა მომდევნო შეხვედრის თარიღი დაზუსტებული არ ყოფილა.