ის, რომ საქართველო ნატო-ს წევრი ტერიტორიული მთლიანობით გახდება, არანაირი კითხვის ქვეშ არ დგება, არც არასდროს დადგება ეჭვის ქვეშ, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ირაკლი სესიაშვილმა ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრა. დეპუტატი ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც საქართველოს ნატო-ს წევრობის გერმანული მოდელის განხილვა შესთავაზა.
„ცხადია, ასეთ წინადადებებს, იდეებს აქვს აზრი მსჯელობისთვის, თუმცა ამას სჭირდება ძალიან სერიოზული ანალიზი და შეფასება. ამისთვის არსებობს ნატო და საქართველო, რომლებიც ერთ ენაზე საუბრობენ. ჩვენ მუდმივად ვმსჯელობთ იმ საუკეთესო გზაზე, რაც ამ ქვეყანას ნატო-ში მიიყვანს. რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას – აქ ძალიან მკაფიოდ უნდა ითქვას, ჩვენი საზოგადოება გარკვეული შეფასებების გამო დააბნიეს. უნდა ითქვას, რომ საქართველო ყოველთვის იქნება წარმოდგენილი თავისი ტერიტორიული მთლიანობით ნებისმიერ საერთშორისო ორგანიზაციაში. ამ ქვეყანაში ვერავინ გაბედავს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. საქართველო ნატო-ს წევრი გახდება თავისი ტერიტორიული მთლიანობით. რაც შეეხება V მუხლის მოქმედებას, თქვენ იცით, რომ V მუხლი არის თავდასხმის შემთხვევაში ნატოს საპასუხო ერთობლივი რეაქციის ამოქმედება. ამ შემთხვევაში რასმუსენის მოსაზრება იყო, რომ ქვეყანა რამდენადაც ოკუპირებულია, რომ არ შეჩერდეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესი, ხომ არ დავუშვათ ის ვარიანტი, რომ საქართველო გახდება მთლიანად, აფხაზეთით და ცხინვალით ნატო-ს წევრი, თუმცა მეხუთე მუხლი არ იმოქმედებს, იქიდან გამომდინარე, რომ ტერიტორიები ოკუპირებულია. ამაზე აპატურაიმ, რომელიც ნატოს ოფიციალური წარმომადგენელია, უპასუხა, რომ ასეთი მიდგომა ნატო-სა და საქართველოს შორის არ განიხილება. ჩვენ გვაქვს ის ფორმატები, სადაც ვცდილობთ, ვიპოვოთ გზა, რომელიც საქართველოს ნატო-ში რაც შეიძლება მალე გააწევრიანებს.
ასეთი მოსაზრებები საინტერესოა, მსჯელობის საგანია. განსაკუთრებით ექსპერტებისთვის, თუმცა გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ხელისუფლება და ნატო-ს 29 ქვეყანა. ვცდილობთ საუკეთესო გზა ვიპოვოთ. მაგრამ ის, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ტერიტორიული მთლიანობით, ეს არანაირი კითხვის ქვეშ არ დგება, არასდროს არც დადგება ეჭვის ქვეშ. ეს ჩვენი ეროვნული ინტერესებია და აქ არსებობს წითელი ხაზი. ამ წითელ ხაზს მათ შორის იცავს ნატო. ნატოსაც სურს საქართველო მისი დე იურე საზღვრებით“- განაცხადა სესიაშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს მოქალაქეების მტკიცე არჩევანია.
„არ ვიმყოფებით მარტივ სიტუაციაში. ჩვენი საზოგადოების მტკიცე არჩევანია ნატოში გაწევრიანება. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ ძალიან მტკიცე პოზიციაა, რომ ჩვენ ნატოში გავწევრიანდეთ. მაგრამ გვაქვს გარკვეული ხელისშემშლელი პირობები, რომლებიც ყველას კარგად მოგეხსენებათ. გვაქვს ძალიან მაღალი, ინტენსიური ურთიერთობა ნატოს-თან. ჩვენ ვსაუბრობთ ერთ ენაზე, ჩვენ და ნატოს გვინდა მშვიდობა, უსაფრთხოება, სტაბილურობა, კეთილდღეობა. ნატო არის ის სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც არანაირი აგრესიული ზრახვები არ აქვს.
ხელისშემშლელი საერთაშორიო პოლიტიკური მიზეზების გამო, ჩვენც და ნატოც ძალიან ფრთხილად ვუდგებით ამ პროცესს. ერთია, რომ ქვეყანაში გარკვეული რეფორმები მიმდინარეობს, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში, მართლაც აღსანიშნავია, რომ ჩვენი თავდაცვის ძალები და სამინისტრო საკმაოდ სერიოზულადაა გაძლიერებული და განვითარებული, მაგრამ ამავე დროს ჩვენ და ნატო ვთანხმდებით, რომ ნებისმიერი საშუალება უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რათა საქართველო რაც შეიძლება მალე გახდეს ნატო-ს წევრი. კონკრეტულ თარიღს ვერავინ დაგისახელებთ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ბატონი რასმუსენის მოსაზრება ძალიან საინტერესოა, მსგავსი ტიპის განცხადებები ადრეც გაჟღერებულა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მტერს არ სძინავს, ასეთ საკითხებზე მთავრობებსა და ნატო-ს შორის ღიად საუბარი, ვფიქრობ დამაზიანებელი იქნება. ცხადია, შენმა მტერმა არ უნდა იცოდეს შენი ის გზა, რომელიც მას არ უნდა. რუსეთს აქვს .ე.წ თავისი „ინტერესები“, რომლებიც არ არის თანხვედრაში საერთაშორისო სამართალთან“- განაცხადა სესიაშვილმა.
ცნობისთვის, ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს ნატო-ს წევრობის გერმანულ მოდელი შესთავაზა.
“ვფიქრობ, უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა საქართველოსთვის, შეუერთდეს ნატო-ს ისე, რომ მეხუთე მუხლი არ გავრცელდეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე,”- განაცხადა რასმუსენმა.
კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი საქართველოს NATO-ში მე-5 მუხლის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გაუვრცელებლად გაწევრიანების იდეას გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მსგავს დისკუსიას აზრი არ აქვს.
თამუნა შეყილაძე