“იმედი მაქვს თითოეული ადამიანის შრომა დაფასდება და ხელოვნებას ისე არ შეხედავენ, როგორც გასართობს” – ხელოვანი ბათუმიდან, რომელმაც ფანქრის ნათალები ხელოვნების ნიმუშად აქცია

დამღლელი სამუშაო გრაფიკის შემდეგ მაია კომახიძისთვის ხელოვნების ნიმუშების შექმნის პროცესი სიამოვნების მიმნიჭებელია. ფანქრის ნათალები და სხვა გამოუყენებელი მასალა მან ლამაზ გამოსახულებად აქცია და უკვე ბევრის მოწონებაც დაიმსახურა.
თუ როგორ დაუკავშირდა ხელოვნებას მაია კომახიძე “კვირას” უყვება.
“მიყვარს ხელოვნება, ბავშვობიდან ვხატავდი ესკიზებს, ვკერავ, ვქარგავ სამოყვარულო დონეზე. ერთ დღესაც ვიფიქრე, ფანქრების, რომლებსაც ჩემი შვილი ხატვისას ხშირად იყენებს, ნათალი მასალა რაღაცაში გამომეყენებინა. დავხატე კაბის ესკიზი და ზედ ეს მასალა წებოს საშუალებით დავაკარი. მახსოვს, პირველად, როცა ვმუშაობდი ამ ნიმუშებზე სამსახურიდან მოსული დაღლილი ვიყავი, თუმცა ღამე გავათენე ამის შექმნაში. თითქოს დაღლილობა გაქრა და დროის შეგრძნებაც დავკარგე. როდესაც ახლობლებმა ნახეს მოიწონეს და ამან დიდი მოტივაცია მომცა, რამდენიმე მსგავსი შევმატე ჩემს კოლექციას“,-ამბობს მაია კომახიძე.
30 წლის მაია კომახიძე ბათუმთან ახლოს, სოფელ „ანთიადში“, ცხოვრობს, ,,ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი“- რეჟისურისა და დიზაინის ფაკულტეტით დაამთავრა. ამბობს, რომ პროფესიით არ უმუშავია, მალევე შექმნა ოჯახი. ვერასოდეს იფიქრებდა, თუ თავის ნიჭს გამოიყენებდა და დროს დაუთმობდა.
,,იმდენად გადაღლილი ვბრუნდები სახლში, ნამდვილად არ მეგონა სხვა რაღაცების კეთებისთვის ძალა ოდესმე თუ შემწევდა, მაგრამ, რაც ძალიან გიყვარს და სულს გიტკბობს, გამშვიდებს, რეალობისგან გწყვეტს, ალბათ ყოველთვის გამონახავ მისთვის დროს – გამოიყენებ შესაძლებლობას, შექმნა სილამაზე, თანაც ისეთი სხვისთვისაც მოსაწონი რომ იქნება“,-დასძინა მაიამ.
ყველაზე დიდი მოტივაცია და შთაგონება მაიას მეუღლემ და იმ ულამაზესი სოფლის ხედმა მისცა, სადაც ცხოვრობს. ბუნებისა და ზღვის ხედის სილამაზის შერწყმამ მხოლოდ მაიას არ გაუღვივა ხელოვნებისადმი სიყვარული. ამბობს, რომ შეუძლებელია ასეთ გარემოში დაგროვებული ემოციისა და სურვილების შეკავება, ის აუცილებლად უნდა გამოხატო, გადაიტანო პოეზიაში, მხატვრობაში, მუსიკაში. მაიამ კი ხის ფიცარზე თავისი ფანტაზიით დახატულ სილუეტს სხვადასხვა ფერი შესძინა.
,,შეუძლებელია აქ თავს არ გრძნობდე კარგად, ბუნებასთან ერთად ზღვის ხედით ტკბები. თუ ბუნებით ცოტა შემოქმედიც ხარ, მაშინ აუცილებლად გამოგივა რაღაც განსხვავებული და შენეული“- ამბობს ხელოვანი.
ერთადერთი გული რაზეც წყდება, არის ის, რომ ხელოვნებას ყურადღება ნაკლებად ექცევა, გართობად მიაჩნიათ. ის შრომა და ძალისხმევა, ის ხასიათი, რასაც შემოქმედი თითოეულ ნამუშევარში დებს, მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ გაიგონ. მაია ამ მიმართულებით მხოლოდ სამოყვარულო დონეზე მუშაობს, არც კი უფიქრია ამის შესახებ ფართო საზოგადოებამ გაიგოს. თუმცა შვილივით უვლის და ეძვირფასება მისი სულიდან წამოსული, საგნებად ქცეული სილამაზე.
,,იმედი მაქვს თითოეული ადამიანის შრომა დაფასდება და ხელოვნებას ისე არ შეხედავენ, როგორც გასართობს. ის, რაც გავაკეთე რამდენიმე თვის შექმნილია, არც ერთი მათგანი არ მემეტება გასაჩუქებლად ან მით უმეტეს გასაყიდად. არ ვიცი მომავალში რას გადავწყვეტ, ალბათ უფრო დავხვეწავ ნამუშევრებს და მასალის რაოდენობასაც გავზრდი, რათა ჩემი პატარა საქმიანობა მრავალფეროვანი გახდეს“,- ამბობს მაია კომახიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები