ირმა ინაშვილი პროკურატურისგან 10 სექტემბრის ინციდენტზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს

0

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი გენერალურ პროკურატურას მიმართავს, რომ დაიწყოს გამოძიება იმ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილი 10 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო „რუმსში“, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ჰქონდა.
მისი თქმით, 9 სექტემბერს კონფერენციაზე „გიგა ბოკერიას მოხსენება მთლიანად დაეთმო „პატრიოტთა ალიანსს“, ჩვენზე ცილისწამებას, ტყუილის ტირაჟირებას“.
„პროკურატურას მოვუწოდებ, სასწრაფოდ დაიწყოს ამ გამოძიების წარმართვა. სასტუმრო „რუმსიდან“ ამოიღოს ვიდეოკადრები, როგორც მტკიცებულება. დაიკითხოს ყველა მოწმე, მათ შორის თარჯიმანიც, რომელიც იყო ერთ-ერთი ფიგურანტი და დარბაზიდან ჟურნალისტების გაყრის ერთ-ერთი ინიციატორი, არა მარტო თარჯიმანი. სხვათა შორის არასწორად თარგმნიდა, ეს თარჯიმნის მხრიდან არაპროფესიონალიზმის გამოხატულებაა. ბრაიზას ვეუბნები, მათ ქვეყანაში მე კი არ დამიჭერდნენ, მათ ქვეყანაში მომცემდნენ საშუალებას, როგორც სენატორს თუ კონგრესმენს თავისუფლად მიმეღო მონაწილეობა იმ კონფერენციაში, მათ ქვეყანაში მე სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას არ წამართმევდნენ, მე ხელით ვერ შემეხებოდა უცხო ქვეყნიდან ჩასული დიპლომატი, ექსპერტი თუ სტუმარი. რაც არის უხეში ხელყოფა, უპატივცემულობა იმ ქვეყნის კონსტიტუციის, პარლამენტის, იმ ქვეყნის ხალხის“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი