კახა კალაძემ ვიცე-მერს სამშენებლო კომპანიებისგან მოქალაქეთა დაზარალების ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, საპრევენციო მექანიზმის შექმნა დაავალა

0

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერს, სამშენებლო კომპანიებისგან მოქალაქეთა დაზარალების ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, საპრევენციო მექანიზმის შექმნა დაავალა.
კახა კალაძემ კომპანია „სვეტის“ დაზარალებულთა პრობლემის გადაჭრის პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი პრობლემები სხვა სამშენებლო კომპანიების შემთხვევაშიც არსებობს.
„სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ეს პრობლემა ზოგადია. გვყავს კიდევ სხვა დაზარალებულები, მათ შორის „ცენტრ პოინტის“. ამაზეც ვმუშაობთ და დარწმუნებული ვარ, აქაც, უახლოეს მომავალში მივიღებთ გადაწყვეტილებას და ამ ოჯახების პრობლემაც იქნება მოგვარებული. ძალიან მძიმე საკითხია იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ბევრი წელია გასული და 4000 დაზარალებული ოჯახია, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს საკითხი გადაიჭრას.
მინდა, დავავალო ირაკლი ხმალაძეს, რომ შემუშავდეს გარკვეული მიდგომები, ავიღოთ განვითარებული ქვეყნებისა და ქალაქების მაგალითები, თუ როგორ არიან იქ დაცულები ის ადამიანები, რომლებიც ბინას ყიდულობენ.
დღეს როგორ არის საქართველოში: იწყება სამუშაოები და იწყება ჰაერის გაყიდვა, იმ ბინების, რომლებიც უნდა აშენდეს. სამწუხაროდ, არიან ისეთი კომპანიებიც, რომლებიც არაკეთილსინდისიერად იქცევიან და გვყავს დაზარალებული ოჯახები. ეს ყველაფერი თავიდან რომ ავიცილოთ, იქნებ შევიმუშაოთ და მოვიფიქროთ მექანიზმები. შეიძლება ბანკიც შემოვიყვანოთ, შეიძლება საგარანტიო თანხების დადება მოვთხოვოთ სამშენებლო კომპანიებს.
შემდეგ ისე ხდება, რომ ვიღაც გაიქცევა, ფულს მოიპარავს და ეს ადამიანები რჩებიან მოტყუებული, მერე ზოგი მიდის ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ზოგიც მუნიციპალიტეტში დახმარებისათვის. ძალიან რთულია ასეთი პრობლემის მოგვარება. შევიმუშაოთ ისეთი მექანიზმი და გადმოვიტანოთ ისეთი მაგალითები, რომ ეს პრობლემა თავიდან იყოს აცილებული და თავიდანვე ვიყოთ დაზღვეულები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულ 2500-მდე ოჯახს, თბილისის მერის განცხადებით, გაფორმებულია ხელშეკრულება სამშენებლო კომპანია m2-თან, რომლის საფუძველზე მშენებლობები დაიწყება და მათი დასრულების შემდეგ, თითოეული ოჯახი ბინას მიიღებს.
„ესაა მირცხულავას ქუჩის 9-11-ში, ნუცუბიძის ქუჩის 125 ა-ში და ჭყონდიდელის ქუჩის N22-ში მდებარე პროექტები, რომლებიც ჯამში 30 საცხოვრებელ ბლოკს აერთიანებს. დღეს გავაფორმეთ ხელშეკრულება სამშენებლო კომპანია m2-თან. ეს არის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 250 000 000 მლნ ლარია. დღეს, შეიძლება ითქვა, რომ ამ ადამიანებს არც თანხა აქვთ დაკარგული და საცხოვრებელ ფართებსაც მიიღებენ მას შემდეგ, რაც მშენებლობა დასრულდება.
m2-სა და “სვეტს” შორის გაფორმებულია ხელშეკრულება და როგორც კი ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინაპირობები შესრულდება, მაშინვე მოხდება სამშენებლო ნებართვების გაცემა, თუმცა, პარალელურად, ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ურბანული განვითარების და არქიტექტურის სამსახურებმა მოამზადონ სამშენებლო ნებართვა, როგორც კი პროექტი იქნება წარმოდგენილი. აქაც ჩვენ გვექნება მაქსიმალური თანადგომა, მხარდაჭერა და ვეცდებით, რომ ძალიან სწრაფად იყოს ეს ნებართვები გაცემული. გარდა ამისა, ძალიან ბევრია დამოკიდებული თვითონ საინიციატივო ჯგუფზე. იქ არის გარკვეული ყადაღები და უნდა მოხდეს ამ ყადაღების მოხსნა, ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო მიწის მფლობელებს, რადგან მათი უშუალო ჩართულობით და შეთანხმებით მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება. დაახლოებით სამი წელი დაჭირდება ყველა ამ პროექტის განხორციელებას, მას შემდეგ, რაც გაიცემა სამშენებლო ნებართვები და დაიწყება პროექტების განხორციელება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა მოლაპარაკებაში ჩართულ მხარეებს, მათ შორის მერის მოადგილე ილია ელოშვილს, საინიციატივო ჯგუფს, ფინანსთა სამინისტროს, ფინანსურ პოლიტიკას და პროკურატურას.

კომენტარები

კომენტარი