ლევან დავითაშვილმა კახეთში “რთველი 2019” ოფიციალურად გახსნა

0

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ-ის და საფრანგეთის სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრა კახეთში, “გრუზვინპრომის” ღვინის საწარმოში გაიმართა, სადაც საქართველოში ბიზნეს დელეგაციები ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ჰოლდინგის “Bolero & Company” მოწვევით იმყოფებოდნენ. დავითაშვილმა და მოწვეულმა სტუმრებმა ღვინო, ძველი ქართული წესის დაცვით, საწნახელში დაწურეს და “რთველი 2019” ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადეს. ვიზიტის ფარგლებში, 25 წლიანი თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა, რაც  “Bolero & Company” და ფრანგულ კომპანია „ტესსანდიე ეთ ფილს“ შორის გაფორმდა. ღონისძიებაზე აშშ-ს უმსხვილეს ალკოჰოლურ კომპანიებთან თანამშრომლობის მემურანდუმსაც მოეწერა ხელი, რომელიც ქართულ-ამერიკული ბრენდის შექმნას, ასევე აშშ-ის ბაზარზე ქართული პროდუქციის – ღვინის, ბრენდისა და სხვადასხვა დაძველების საბრენდე სპირტის რეალიზაციას ითვალისწინებს.

“აქ ყველა ქვეყნიდან არიან, ვისაც ქართული ღვინო აინტერესებს და რთველის პროცესი აინტერესებს. კონკრეტულად კომპანია აფორმებს ძალიან დიდ ხელშეკრულებას, რომელიც წლის ბოლომდე საფრანგეთში რამდენიმე ტონაზე საბრენდე სპირტის მიწოდებას ითვალისწინებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია”, – განაცხადა დავითაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის დელეგაციის შემადგენლობაში ტეხასის წარმომადგენელთა პალატის წევრები, სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის, ალკოჰოლური სასმელების კომისიის წევრები, ეკონომიკური განვითარების კომისიის ვიცე-პრეზიდენტი და მეღვინეობის ინდუსტრიის წარმომადგენლები შედიან, ხოლო საფრანგეთის დელეგაციას ეროვნული ასამბლეის დეპუტატები წარმოადგენენ. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის და საფრანგეთის წარმომადგენლობითი დელეგაციის წევრები ქართული ღვინის კულტურის ისტორიას და მეღვინეობის კუთხით  არსებულ ვითარებას გაეცნობიან.

კომენტარები

კომენტარი